იგეგმება ე.წ. საპენსიო ამნისტია -  13 500 დამსაქმებელს, ჯამში 43 მილიონი ლარის ჯარიმა ჩამოეწერება - Palitra News

იგეგმება ე.წ. საპენსიო ამნისტია -  13 500 დამსაქმებელს, ჯამში 43 მილიონი ლარის ჯარიმა ჩამოეწერება

2026-09-15 14:05:54+04:00

იგეგმება ე.წ. საპენსიო ამნისტია - 13 500 დამსაქმებელს, ჯამში 43 მილიონი ლარის ჯარიმა ჩამოეწერება. თუმცა, საპენსიო დავალიანებისგან გათავისუფლება რამდენიმე პირობით მოხდება. უკვე ცნობილია, რომ საპენსიო ფონდში, საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება. ამასთან, ჯარიმის ჩამოწერა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დამსაქმებელი საპენსიო დავალიანებას და საურავს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავს. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა და ცნობილია, რომ ის დაახლოებით 13 500 დამსაქმებელს შეეხება, რითაც ჯამში, 43 მილიონი ლარის პატიება მოხდება. საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე იგეგმება ჯარიმების ოდენობის შემცირება. საპენსიო შენატანების გადაუხდელობისას, პირველ და განმეორებით შემთხვევაში, აქამდე გათვალისწინებული 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმა 300 ლარი იქნება. ასევე, საპენსიო ფონდში დავების განხილვის სამსახური შეიქმნება, რაც სასამართლომდე, საკითხის პირველად განხილვას უზრუნველყოფს. პროექტის თანახმად, იქმნება შესაძლებლობა, რომ საპენსიო შენატანების ეტაპობრივი გადახდა მოხდეს, 18 თვემდე ვადით. ასევე იცვლება ჯარიმის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი. კერძოდ, შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას, აღსრულება შეჩერდება.