2026 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, საქმე ეხება, როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებს, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციას.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, 8 თვის განმავლობაში ჯამურად, 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია, ხოლო ამ წლის პირველი 8 თვის მონაცემი ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ზრდა ტვირთის ყველა კატეგორიაში დაფიქსირდა. სამთავრობო უწყების მონაცემებით, ამავე პერიოდში ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 554 174 TEU შეადგინა, რაც წლიურად 9%-იანი ზრდაა და ასევე ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია. გავრცელებული სტატისტიკით, ზრდაა სარკინიგზო გადაზიდვებშიც. კერძოდ, იანვარ-აგვისტოში რკინიგზით ჯამურად 9.7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 11%-ით მეტია.
„განსაკუთრებით გაიზარდა ტრანზიტის რეჟიმში გადაზიდული ტვირთების მოცულობა - ამ მიმართულებით 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და შუა დერეფნის მზარდ როლს საერთაშორისო სატრანსპორტო დაკავშირებადობაში“. - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე მონაცემებით, აეროპორტების მიერ 29 ათას ტონაზე მეტი ტვირთის გადამუშავება მოხდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30%-ით აღემატება და ასევე ათწლეულის რეკორდია. საავიაციო სექტორში დადებითი დინამიკაა მგზავრთგადაყვანის მიმართულებითაც. მიმდინარე წლის 6 თვეში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 5 მილიონ 700 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის მანძილზე, 8 თვის ჭრილში, ყველაზე მაღალი შედეგია.