„ლელოს“ სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის, გივი ჯულაყიძის ინფორმაციით სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლა მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დახურეს რემონტის გამო, „რომლის ვადებში გაკეთებაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო“ - Palitra News

„ლელოს“ სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის, გივი ჯულაყიძის ინფორმაციით სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლა მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დახურეს რემონტის გამო, „რომლის ვადებში გაკეთებაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო“

2026-09-15 14:42:04+04:00

„ძლიერი საქართველო - ლელოს” სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის, გივი ჯულაყიძის ინფორმაციით სამტრედიის #11 საჯარო სკოლა მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დახურეს, რისი მიზეზიც რემონტი გახდა, „რომლის ვადებში გაკეთებაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო“.

მისი თქმით, „სამტრედიის მუნიციპალიტეტში ასეთი მძიმე მდგომარეობა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, არასოდეს ყოფილა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებისთვის განათლება არ არის პრიორიტეტი“.

„სამტრედიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ტრადიციულ მე-11 საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს ზარი არ დაირეკა. დაწყებითი კლასების მოსწავლეები სხვა სკოლებში, მეორე ცვლაში გადაანაწილეს, ხოლო დანარჩენი კლასები ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანეს. ამ ფაქტმა მშობლების პროტესტი გამოიწვია, მათი შვილებისთვის მეორე ცვლაში სიარული ბევრ დისკომფორტს ქმნის, ხოლო ონლაინ სწავლება ეფექტური და ხარისხზე ორიენტირებული ვერ იქნება. გარდა ამისა, “ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა ისეთია, რომ სამტრედიელების ვარაუდით, სკოლა საკმაოდ დიდ ხანს იქნება დაკეტილი. გარდა მე-11 სკოლისა, სამტრედიაში სხვა სკოლებიც მოსწავლეებს ვერ მიიღებენ წელს. მე-4 საჯარო სკოლის რემონტი წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვერც ეს დანაპირები შესრულდა. 2019 წლიდან არის დანგრეული და მიტოვებული ტოლების საჯარო სკოლა, ასევე, 3 წლის წინ დაანგრიეს და ნაბაკევის საშუალო სკოლა, რომლის მშენებლობა არც კი დაუწყიათ, ” - ნათქვამია ინფორმაციაში.