მთაწმინდის პარკში Trump Tower-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა - 62-სართულიანი შენობის მშენებლობა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილ Downtown Tbilisi-ის პროექტის ფარგლებში იგეგმება. პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. მისივე თქმით, საერთო სამშენებლო ფართობი 600 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო „თაუერის“ სიმაღლე 282 მეტრი იქნება. ღონისძიების მონაწილეებს ვიდეოჩართვით ერიკ ტრამპმაც მიმართა. „ტრამპის ორგანიზაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პროექტის წარმატებისთვის ქვეყნის საინვესტიციო გარემო და სტუმართმოყვარეობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.