რა განცხადებას ავრცელებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - Palitra News

რა განცხადებას ავრცელებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

2026-09-16 12:53:33+04:00

პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ამის შესახებ საპატრიარქოსთვის ინფორმაცია თავიდანვე ცნობილი იყო, - ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს.

მისივე განმარტებით, სხვადასხვა მომსახურების გაწევისას ორგანიზაციებმა და კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ანაზღაურებაზე. ჯაღმაიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პატრიარქის დაკრძალვისთვის 3 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა მხოლოდ 722 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების დეტალურ ხარჯთაღრიცხვას ითხოვს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მთავრობამ ექვს უწყებას ჯამში 5 მილიონ ნახევარზე მეტი ლარი გამოუყო, თუმცა მოგვიანებით რეალური ხარჯების შესაბამისად თანხა დაახლოებით 2.5 მილიონამდე შემცირდა. ორგანიზაცია ასევე დაინტერესებულია, რომელმა კომპანიებმა მიიღეს კონტრაქტები და რა მომსახურებაში გადაიხადა სახელმწიფომ თანხა.