მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ასეთ ფაქტზე აჟიოტაჟს ქმნიან - კენჭისყრისას, წამის მეასედში მოხდა ეს ტექნიკური შეცდომა და ამის შემდეგ დარბიან - ასეთი ამჩატებული, ამსუბუქებული, რამ გადარია ეს ხალხი? რა უბედურებაა? - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომელსაც ჰკითხეს, “რატომ დაუჭირა მხარი პარტია “გახარია საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივას.”
მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი ტექნიკური შეცდომა, რომელიც ბევრჯერ მომხდარა და მომავალშიც ბევრჯერ მოხდება.
“მართლა არ მჯერა ამ ტექნიკური შეცდომის გამო ატეხილი ხმაურის. ასეთი რამ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ პარლამენტში ხდება. ეს არის ჩვეულებრივი ტექნიკური შეცდომა, რომელიც ბევრჯერ მომხდარა და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრჯერ მოხდება - მსოფლიოს ყველა პარლამენტში ასეა. გაოცებული ვარ და გულდასაწყვეტია. მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ასეთ ფაქტზე აჟიოტაჟს ქმნიან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც ეს საკითხი გამოდიოდა, იმდენად აბსურდული და სამართლებრივად ნონსენსური საკითხი გამოიტანეს, რომ თვითონ შინაარსობრივადაც ვერ ჩამოყალიბდნენ, რას ითხოვდნენ. ჩვენ ნებისმიერ საკითხზე მზად ვართ ვიმსჯელოთ, რაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ემსახურება, მაგრამ ეს იმდენად აბსურდული და იურიდიულად გაუმართავი იყო, რომ გახარიას პარტიის წევრები კომიტეტზეც ვერ ჩამოყალიბდნენ. დაახლოებით ერთი საათი ცხარე კამათი მიმდინარეობდა და ერთ-ერთი, ვინც მწვავე პოზიცია დააფიქსირა, მე ვიყავი.
სანამ საკითხი კენჭისყრაზე გამოვიდოდა, ჩემი მკაფიო პოზიცია ნახეთ. კენჭისყრისას, წამის მეასედში მოხდა ეს ტექნიკური შეცდომა და ამის შემდეგ დარბიან - ასეთი ამჩატებული, ამსუბუქებული, რამ გადარია ეს ხალხი? რა უბედურებაა? მართლაც გულდასაწყვეტია, რომ ოპონენტებს ამ ტექნიკური საკითხის გარდა დღის წესრიგში სხვა ვერაფერი შემოაქვთ. გამოდის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილა, რაც ჩემთვის სამწუხარო მოცემულობაა, რადგან ქვეყანაში ჯანსაღი ოპონირება უნდა იყოს”, - განაცხადა ღუდუშაურმა.
კითხვაზე, მიაჭირა თუ არა ხელი მწვანე ღილაკს, რითაც კანონპროექტზე მხარდაჭერა დააფიქსირა, ღუდუშაურმა უპასუხა: “ამ ქვეყნის ხალხის მტრებს თითსაც მივაჭერ და სხვა რამესაც.”
რაც შეეხება თეა წულუკიანზე დასმულ კითხვას, რომელმაც ასევე მხარი დაუჭირა გახარიას პარტიის კანონპროექტს, ღუდუშაურმა უპასუხა, რომ თეა წულუკიანი ძალიან მაღალი რანგის, კვალიფიციური იურისტია, რომელიც არცერთ შემთხვევაში ამ იურიდიულ ნონსენსს მხარს არ დაუჭერდა.
ცნობისთვის, ფრაქცია “საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
კენჭისყრის შედეგები ფრაქცია “საქართველომ" გამოაქვეყნა. იმ 28 დეპუტატს შორის, რომელთაც საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ შემდეგი წევრები არიან: - ირაკლი კირცხალია, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, ვახტანგ თურნავა, სამველ მანუკიანი, გურამ მაჭარაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა სეფაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, თეა წულუკიანი, გივი ჭიჭინაძე და გიორგი ჭყონია.