პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის მიერ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს - Palitra News

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის მიერ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს

2026-09-16 14:21:15+04:00

კენჭისყრის შედეგად უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, მათ შორის უმრავლესობის ლიდერმა - ისინი დღეს აცხადებენ, რომ ეს შედეგები დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზით - მოვუწოდებთ „ოცნებას“ ხელახალი კენჭისყრისკენ! - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით, 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენასთან დაკავშირებით, ფრაქცია „საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივაზე, „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ 16 დეპუტატის მხარდაჭერის დაფიქსირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელახალი კენჭისყრა ამ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით საჭიროა იმისთვის, რომ თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს საშუალება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად ნახოს, ვინ უჭერს მხარს დარჩეს “რეპრესიული სამართლებრივი ნორმები ძალაში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.”

“ჩვენ დავაინიცირეთ კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ და თანმდევ სამართლებრივ ნორმებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, რეპრესიული ნორმების გაუქმებასთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, კენჭისყრის შედეგად უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, მათ შორის უმრავლესობის ლიდერმა. ისინი დღეს აცხადებენ, რომ ეს შედეგები დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზით.

თუ ეს ტექნიკური ხარვეზია, მაშინ მოვითხოვთ ხელახლა ჩატარდეს კენჭისყრა, ვინაიდან, როგორც ისინი ასახელებენ მიზეზს - ტექნიკურ ხარვეზს, ესე იგი ეს არ ასახავს დეპუტატების რეალურ ნებას.

მოვითხოვთ მოხდეს ხელახალი კენჭისყრა ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით, რომ თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ნათლად ნახოს, ვინ უჭერს მხარს დარჩეს რეპრესიული სამართლებრივი ნორმები ძალაში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ „ოცნებას“ ხელახალი კენჭისყრისკენ”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, ფრაქცია “საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

კენჭისყრის შედეგები ფრაქცია “საქართველომ" გამოაქვეყნა. იმ 28 დეპუტატს შორის, რომელთაც საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ შემდეგი წევრები არიან: - ირაკლი კირცხალია, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, ვახტანგ თურნავა, სამველ მანუკიანი, გურამ მაჭარაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა სეფაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, თეა წულუკიანი, გივი ჭიჭინაძე და გიორგი ჭყონია.