ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებები, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ ამ პერიოდის განმავლობაში, ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, ოთხივე ეპიზოდთან დაკავშირებით - მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს,- ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სუს-ის უფროსის ბრალეულობას, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ჩვენებაც ადასტურებს, რომელმაც დაადასტურა, რომ მან გრიგოლ ლილუაშვილს ქრთამი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადასცა.
„იყო გარკვეული დეტალები, რასაც დაცვის მხარე, ვფიქრობ, არა ზუსტად და გამოკვლეულ მტკიცებულებებთან თანხვედრაში არარსებული ვერსიით ავითარებდა. შესაბამისად, ჩემი გამოსვლაც ზუსტად ამას შეეხება. ბევრი დეტალია ისეთი, რაც არ არის თანხვედრაში. თუნდაც, მაგალითისთვის რომ გითხრათ, მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სახეცვლილი ფორმით იქნა გაჟღერებული დასკვნით სიტყვაში და ბუნებრივია, ბრალდების მხარე განმარტავს, რეალურად რა თქვა მოწმემ იმ ნაწილში.
რაც შეეხება მოლოდინს, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებები, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ ამ პერიოდის განმავლობაში, ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, ოთხივე ეპიზოდთან დაკავშირებით. მე მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს.
რაც შეეხება მტკიცებულებებსა და ეპიზოდებს, ჩვენ ბრალად გვაქვს წარდგენილი ე.წ. ბაღების ეპიზოდი, რომელიც გულისხმობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან და მათ თანამშრომლებთან ერთად ქრთამის აღების ფაქტს. ჩვენ დავკითხეთ, იცით, რომ კახა გვანცელაძე არის მიმალვაში და მისი წარდგენა სასამართლოს წინაშე ვერ მოხერხდა, რადგან ბრალდებული დევნილის სტატუსით არის, თუმცა ბაგა-ბაღების სხვა თანამშრომლები დავკითხეთ, რომლებმაც დაადასტურეს გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ქრთამის აღების ფაქტი და უშუალო ინფორმაცია ჰქონდათ კახა გვანცელაძისგან ამ საკითხზე.
ასევე, ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობის ეპიზოდზე დავკითხეთ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მართავდნენ და ხელმძღვანელობდნენ იმ ქოლ-ცენტრებს, რომლებსაც ანდრია და გრიგოლ ლილუაშვილები მფარველობდნენ. ანდრია ლილუაშვილი პირადად იყო ჩართული ერთ-ერთი ქოლ-ცენტრის საქმიანობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში თანხას გადასცემდა გრიგოლ ლილუაშვილს. შესაბამისად, ვისაც ამ კუთხით ანდრია ლილუაშვილთან შემხებლობა ჰქონდა და ფლობდა ინფორმაციას, დავკითხეთ ეს ადამიანები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს ის ფაქტი, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მეშვეობით ხდებოდა კონკრეტული ქოლ-ცენტრების მფარველობა. მათვე განმარტეს და დაადასტურეს ის, რომ ანდრია ლილუაშვილს არ ჰქონდა რეალურად ის ბერკეტი, რესურსი და ძალაუფლება, რომ სხვადასხვა ფორმით მოეხერხებინა ქოლ-ცენტრის მფარველობა და მათვე აღნიშნეს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქოლ-ცენტრების ფუნქციონირებას პრობლემა არ შეჰქმნია, ხოლო როდესაც პრობლემა შეიქმნა, აქვე ლილუაშვილების მეშვეობით მოგვარდა.
რაც შეეხება იმ ეპიზოდს, რომელიც ეხება ბიზნესმენებისგან ქრთამის აღებას, რომეო მიქაუტაძე არის დაკითხული ამ საქმეზე და მან პირდაპირ დაადასტურა, რომ გადასცა კონკრეტული ქრთამი გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ჩვენ ამ კუთხით ინტერნეტ-ტრაფიკების შესახებ ინფორმაციაც გვაქვს მოპოვებული და ის პირდაპირ თანხვედრაშია რომეო მიქაუტაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან. ასევე დაკითხულია ბიზნესმენი, რომელმაც უშუალოდ გადასცა თანხა რომეო მიქაუტაძეს, რაც შემდგომ რომეო მიქაუტაძემ თავის მხრივ, გრიგოლ ლილუაშვილს გადასცა. გარდა ამისა, საქმეზე არის აუდიოჩანაწერები ანდრია ლილუაშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც იმ ინფორმაციას, რაზედაც ზოგადად მოწმეები საუბრობენ, ამყარებს და გვარწმუნებს იმაში, რომ ეს ადამიანები სიმართლეს ამბობენ.
რომეო მიქაუტაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცალსახად დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ერთი ბიზნესმენი არ არის გამოკითხული, ვერაფერს ცვლის. რომეო მიქაუტაძემ მიუტანა თანხა თავად გრიგოლ ლილუაშვილს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ბიზნესმენი დაკითხულია სასამართლოში და ადასტურებს რომეო მიქაუტაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ამ სრული სურათის ფონზე ბუნებრივია, კითხვის ნიშნები რომეო მიქაუტაძის ჩვენებასთან მიმართებით არ მაქვს“,- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს