სუს-ის უფროსის ამ სიხშირით ცვლილება ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან ცხად რამეს მიგვანიშნებს, ეს არის პოლიტიკური პარანოია - უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ქვეყანაში წელიწადნახევარში რომ ოთხჯერ ცვლი, ესე იგი გეშინია. არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თმით, ეს არის სირცხვილი.
“სამარცხვინოა, ჯერ თვითონ უსაფრთხოების სამსახურში, იქ პროფესიონალები ხომ არიან კარიერული და უსაფრთხოების მოხელეები. მე არ ვიცი, უბრალოდ მათ რას ეუბნებიან - ან ვის ნიშნავენ, ან რა სიხშირით ცვლიან, შეუძლებელია, რომ ვერტიკალი ასეთ დროს ჩამოყალიბდეს და სისტემური მეხსიერება არსებობდეს. ეს სირცხვილია, მაგრამ ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან ცხად რამეს მიგვანიშნებს, ეს არის პოლიტიკური პარანოია და არა მხოლოდ პოლიტიკური შესაძლოა, იმიტომ, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ქვეყანაში წელიწადნახევარში რომ ოთხჯერ ცვლი, ესე იგი გეშინია. არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია,” - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა. ბორაშვილს 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევა პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა.
2025 წლის 4 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ანრი ოხანაშვილმა დაიკავა, თუმცა მან სუს-ის უფროსის პოსტი ამავე წლის 23 აგვისტოს დატოვა. ოხანაშვილი მამუკა მდინარაძემ შეცვალა, რომელიც პარლამენტმა სუს-ის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს დაამტკიცა. მდინარაძე 2026 წლის 21 აპრილს გადადგა და მისი თანამდებობა გეკა გელაძემ დაიკავა. ამ უკანასკნელმა 14 სექტემბერს გააკეთა გადადგომის შესახებ განცხადება.