„ქოლ-ცენტრებით“, ღორმუცელობითა და თავგასულობით ციხეში აღმოჩენილი ადამიანი სინდისის პატიმრის კატეგორიაში არ გადის. ის არც პოლიტიკური პატიმრის კატეგორიაში გადის. ამ ადამიანებმა, რომლებიც ახლა ციხეში არიან, თავის დროზე ხელი მოაწერეს ყველა შეთავაზებას. ამ ტიპის ადამიანებთან ბიძინა ივანიშვილი არის მართალი იმიტომ, რომ მათ მიიღეს ის პირობები, რაც ივანიშვილმა შესთავაზა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 - წლიანი პატიმრობის შეფარდებასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების პატიმრობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
კაციტაძის თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანა „ტერორისტულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, თუმცა ეს თავიდანვე ცხადი არ იყო, რადგან მმართველი გუნდი შენიღბული იყო“.
„სინდისის პატიმარი ნიშნავს სინდისის პატიმარს და „ქოლ-ცენტრებით“, ღორმუცელობითა და თავგასულობით ციხეში აღმოჩენილი ადამიანი სინდისის პატიმრის კატეგორიაში არ გადის. ის არც პოლიტიკური პატიმრის კატეგორიაში არ გადის. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე მიიღეს თამაშის ის წესები, რაც მათ შესთავაზეს და მე ასეთი ადამიანები ვიცი, უბრალოდ ვერ დავასახელებ მათ, რომლებსაც შეთავაზება გაუკეთდათ და მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს, კულტურულად თქვეს უარი და გადარჩნენ.
ამ ადამიანებმა, რომლებიც ახლა ციხეში არიან, თავის დროზე ხელი მოაწერეს ყველა შეთავაზებას. ამ ტიპის ადამიანებთან, რომლებმაც ივანიშვილის შეთავაზება მიიღეს, თანამდებობები მიიღეს, დაიწყეს და შემდეგ გადაუხვიეს, ბიძინა ივანიშვილი არის მართალი იმიტომ, რომ მათ მიიღეს ის პირობები, რაც ივანიშვილმა შესთავაზა.
მთელი რიგი შემთხვევები არის ლოგიკური, რაც მერე და მერე მათ თავს დატრიალდა. მე ივანიშვილს კი არ ვამართლებ, მე ვამტყუნებ მათ, ვინც მისი თამაშის წესები მიიღეს იმიტომ, რომ დახარბდნენ თანამდებობას, ფულსა თუ ა.შ. და ა.შ.
რა თქმა უნდა, თანაგრძნობის ღირსია ყველა, არავინ მემეტება საციხოდ, მაგრამ როცა ასეთ პირობებზე მიდიხარ და ხელს აწერ, იმის მზაობაც უნდა გქონდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შენი ვიღაც კოლეგა მინისტრის მოადგილე შენ ხელს დაგადებს, თვითონ 4 წლამდე შეიმსუბუქებს სასჯელს, მაგრამ შენ 13 წლამდე გაგიზრდიან. ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც ამ მენტალობის ხელისუფლება მოვიდა სათავეში, უბრალოდ თავდაპირველად ის იყო შენიღბული“, - განაცხადა კაციტაძემ.