ანა ბუჩუკური - ხვალ კობახიძეს შეიძლება ისეთი განცხადების გაკეთება მოუწიოს, რაზეც დღეს წარმოდგენაც არ აქვს, რადგან მისი ლეგიტიმაციის წყარო, მისი ოფისი არ არის - ამიტომაც ეძახის ყველას აგენტს, რადგან არ თვლის, რომ ყველას პრემიერია - Palitra News

ანა ბუჩუკური - ხვალ კობახიძეს შეიძლება ისეთი განცხადების გაკეთება მოუწიოს, რაზეც დღეს წარმოდგენაც არ აქვს, რადგან მისი ლეგიტიმაციის წყარო, მისი ოფისი არ არის - ამიტომაც ეძახის ყველას აგენტს, რადგან არ თვლის, რომ ყველას პრემიერია

2026-09-16 22:17:42+04:00

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ოთხჯერ შეცვლა უწყების მიზანმიმართულ დაკნინებაზე მიუთითებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ისეთი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, სუს-ის ხელმძღვანელის ხშირი ცვლილება უწყების ფუნქციონალზე უარყოფითად აისახება.

რაც შეეხება სუს-ის ახალ ხელმძღვანელს, ბუჩუკურის თქმით, თამაზ ბორაშვილი სისტემაში გაზრდილი პროფესიონალია და ის ყველა მის წინამორბედს პროფესიული თვალსაზრისით სჯობია.

„ბოლო 1 წელიწადში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 4 უფროსი გამოცვალეს. სუს-ი ფაქტობრივად ხერხემალია, განსაკუთრებით ოკუპირებული ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს 1 წელიწადში 4-ჯერ უფროსს გამოუცვლი ეს არის მიზანმიმართულად დაკნინება სახელმწიფო უწყების ფუნქციონალის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდეს, რომ „სახელმწიფო ეს მე ვარ“.

რაც შეეხება თამაზ ბორაშვილს, ის არის სისტემაში გაზრდილი ადამიანი, შესაბამისად ის არის პროფესიონალი ოპერატიული თანამშრომელი. პროფესიული თვალსაზრისით ის თავის წინა მორბედებს სჯობს. მაგრამ, ვითარებაში, როდესაც სისტემა არის ასეთი მორღვეული და ემსახურება არა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების და ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ პარტიას, პროფესიონალი კი არა, პირიქით, ამ პროფესიონალს გააფუჭებს“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ამასთან, ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ უხელმძღვანელებს სუს-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ან ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, თუ გადაწყვეტილებების მიღების სისტემა კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პროფესიონალი იქნება თუ არა თავში, რადგან ფუნქციონალი აქვს მოშლილი სახელმწიფო კონსტიტუციურ უწყებებს, მათ შორის, იმასაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება სუს-ის უფროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი, უფრო მეტიც ვინ იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იცით რატომ? იმიტომ, რომ ეს ადამიანები არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და როდესაც გადაწყვეტილება არ არის ჩემზე დამოკიდებული, მე კი არ ვმართავ სისტემას, არამედ მე მმართავს სისტემა.

ხვალ დილას ირაკლი კობახიძეს შეიძლება ისეთი განცხადების გაკეთება მოუწიოს, რაზეც დღეს წარმოდგენაც არ აქვს. იმიტომ, რომ მისი ლეგიტიმაციის წყარო, მისი ოფისი არ არის. არის ერთი ადამიანი და მასზეა დამოკიდებული. ამიტომაც ეძახის ყველას აგენტს, რადგან ის არ თვლის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის პრემიერია“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივის კენჭისყრისას მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ მას არ სჯერა იმის, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო.

ბუჩუკურის განცხადებით, მას უჩნდება ეჭვი, რომ „შეგნებულად გაკეთებული იყო“.

„თუკი ტექნიკური ხარვეზი იყო და სისტემამ აურია, მაშინ ხელახლა უნდა გავიდეს კენჭისყრაზე. დღეს ჩვენმა დეპუტატმა, რომელმაც კანონი გაიტანა, განცხადება გააკეთა პარლამენტში, რომ თუკი თქვენ თვითონ ამბობთ, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი და თუ ამ კენჭისყრის შედეგები არ ასახავდა დეპუტატების თავისუფალ ნებას, მაშინ უნდა ანულირდეს კენჭისყრის შედეგები და ხელახლა ეყაროს კენჭი. იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ რომელი დეპუტატი იღებს პასუხისმგებლობას რეპრესიულ კანონზე, რომელი ეწინააღმდეგება ამას. ამაზე „ოცნებამ“ თქვა უარი. მე ვუშვებ იმას, რომ ორმა, სამმა, ხუთმა ადამიანმა, რომლებიც მართლა არ უსმენენ გამოსვლებს და მათი ფუნქციაა მხოლოდ მწვანე ღილაკისთვის ხელის დაჭერა... 16 ადამიანი, თან გააჩნია ვინ, არ მჯერა რომ წულუკიანს ღილაკები აერია, რადგან არ მჯერა, რომ წულუკიანი არ ისმენს სხდომათა დარბაზში მიმდინარეობას. ვთქვათ, რომ ტექნიკური იყო, მაგრამ 16-ვე? ამიტომ, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს მიჩნდება შეკითხვა, იქიდან გამომდინარე, რაც „ოცნებაში“ ხდება ერთმანეთს არ ენდობიან, არიან მილიონ „კლანში“, არავის უნდა ნეგატიურ ისტორიულ სიაში ყოფნა. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ისინი ერთმანეთს არ ენდობიან. მიჩნდება ეჭვი, რომ ხომ არ იყო შეგნებულად გაკეთებული“,- განაცხადა ბუჩუკურმა.