დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, 2025 წლის 1-ელი მაისის შემდეგ, საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა, საპენსიო შენატანებსა და საურავებს სრულად დაფარავს. გარდა ამისა, მცირდება ჯარიმის ოდენობა - პირველ და განმეორებით შემთხვევებში 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმის ოდენობა 300 ლარი იქნება. კანონი ითვალისწინებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობების ახლებურად მოწესრიგებასაც. კერძოდ, განისაზღვრება “მიუღებელი სარგებლის“ ცნება, დგინდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენის, დამსაქმებლისთვის ჯარიმის დაკისრების და მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვის, მათი აღსრულებისა და გასაჩივრების წესები, აგრეთვე განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის ეტაპობრივი გადახდის შესაძლებლობა.
ახალი კანონით იქმნება საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური და განისაზღვრება მის მიერ საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე, ჯარიმების გასაჩივრებაზე გავრცელდება ზოგადი 30 - დღიანი ვადა, ნაცვლად 10 დღისა. ჯარიმის საჯაროდ გავრცელებისთვის გათვალისწინებული 10 კალენდარული დღე 10 სამუშაო დღით შეიცვალა. გარდა ამისა, მოიხსნა საპენსიო დავალიანების განწილვადების არაუმეტეს 18 თვეზე გადანაწილების შეზღუდვა.