Forbes-ის მილიარდერთა სიაში ტრადიციულად ორი ქართველი იძებნება. ესენი არიან - ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ლომთაძე. რეიტინგის თანახმად, ლომთაძის ქონება 2025 წელთან შედარებით გაიზარდა, ბიძინა ივანიშვილის კი არ შეცვლილა. კერძოდ, Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგის მიხედვით, ყაზახეთში მოღვაწე ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის ქონების შეფასება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა და 6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ქონების შეფასების ზრდისა, გლობალურ რეიტინგში ყაზახური ფინტექ პლატფორმის, „კასპის“ დამფუძნებელმა მიხეილ ლომთაძემ 597-ე ადგილიდან 694-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, რადგან ამავე პერიოდში მსოფლიოს სხვა მილიარდერების ქონებამ გაცილებით სწრაფი ტემპით მოიმატა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება გასული წლის მსგავსად 2.7 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მილიარდერების რეიტინგში წლიურ ჭრილში ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს 1362-ე ადგილს იკავებდა, განახლებული მონაცემებით კი, 1560-ე ადგილზე პოზიციონირებს.