პროკურორი - ალეკო ელისაშვილმა შოთა ჭიპაშვილს არა მარტო არაკაცი, სხვა სიტყვებიც უწოდა - ჭიპაშვილმა თავი იგრძნო შეურაცხყოფილად - Palitra News

პროკურორი - ალეკო ელისაშვილმა შოთა ჭიპაშვილს არა მარტო არაკაცი, სხვა სიტყვებიც უწოდა - ჭიპაშვილმა თავი იგრძნო შეურაცხყოფილად

2026-09-17 15:19:36+04:00

შოთა ჭიპაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს და ცნობილია დაზარალებულად, მან იგრძნო თავი შეურაცხყოფილად, - ამის შესახებ მსჯავრდებული ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორმა, დავით დევიძემ პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსმა მოწმეს არა მარტო „არაკაცი“, არამედ სხვა სიტყვებიც უწოდა.

„მოცემულ საქმეში წარმოდგენილია არაერთი მოწმე, მოპოვებულია ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებები. გამოთხოვილია სხდომის ოქმი, სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მოწმის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა. ეს მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებს ალექსანდრე ელისაშვილის მიერ შესაბამისი დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პროცესის მონაწილის შეურაცხყოფას.

შოთა ჭიპაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს და ცნობილია დაზარალებულად, მან იგრძნო თავი შეურაცხყოფილად. ნებისმიერი პიროვნება შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს აღნიშნული სიტყვების გაგონებისას. არა მარტო „არაკაცი“, არამედ სხვა სიტყვებიც უწოდა.

მოცემულ საქმეში შოთა ჭიპაშვილი არის პროცესის მონაწილე. იგი სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში იყო შეყვანილი, როგორც მოწმე. აღნიშნულ საქმეზე მას ჰქონდა მოწმის სტატუსი ვინაიდან, კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი ფლობს ინფორმაციას გარკვეულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ის არის მოწმე. სწორედ ამიტომ გადაეცა საქმე არსებითად განსახილველად, ვინაიდან მოწმეს მიაყენა შეურაცხყოფა ალექსანდრე ელისაშვილმა",- განაცხადა დავით დევიძემ.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია პოლიციელის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, შესწავლილია და დადგინდა, რომ მის მიმართ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

„მის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებიათ არც მანდატურებს და არც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს და დაადეს ხელბორკილი, მან სთხოვა სამართალდამცავებს, რომ ხელბორკილი შეეხსნათ, რადგან ტკიოდა. აღნიშნულის შემდეგ შეუხსნეს ხელბორკილი და იმ ზომაზე მოარგეს, რა ზომაზეც აღარ ეტკინებოდა. ალექსანდრე ელისაშვილიც უთითებდა, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს და სამართალდამცავებმა გამოიყენეს პროპორციული ძალა. პროპორციული ძალის გამოყენება არ ნიშნავს ძალადობას. თავად ალექსანდრე ელისაშვილიც ამბობს ამას თავის ჩვენებაში, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავებს",- განაცხადა დავით დევიძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც