საიას თავმჯდომარე - ნარატივი, რაც მოვისმინეთ, ის პრიზმაა, რითაც რეჟიმი ადამიანებს ხედავს: უხმოს, დაქვემდებარებულებს, უუფლებოს - აზრი, რომ საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ, ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო - Palitra News

საიას თავმჯდომარე - ნარატივი, რაც მოვისმინეთ, ის პრიზმაა, რითაც რეჟიმი ადამიანებს ხედავს: უხმოს, დაქვემდებარებულებს, უუფლებოს - აზრი, რომ საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ, ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო

2026-09-17 19:44:35+04:00

რეჟიმი ებრძვის მათ, ვისაც უფლებების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლის ორგანიზაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობა აქვს. ანუ ებრძვის ჭეშმარიტად უფლებადაცვით ორგანიზაციებს , - ასე ეხმაურება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ონიანი გრანტების მართვის სააგენტოს გაუქმებასა და პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას: „ერთი საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და NGO-ებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს“.

თამარ ონიანის თქმით, სისტემა სუვერენიტეტს ხედავს როგორც ძალაუფლებას და არა როგორც ანგარიშვალდებულებას.

„ერთი საუკუნის წინ არც სტრასბურგის სასამართლო არსებობდა და არც ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე საერთაშორისო სისტემა.

მაშინ ადამიანის უფლებები მეტწილად სახელმწიფოს „შიდა საქმედ“ მიიჩნეოდა. უფლებადაცვითი ორგანიზაციების გარეშე ეფექტიანად ვერ იფუნქციონირებს ვერც ერთი ადამიანის უფლებათა ხელშეკრულება. შემთხვევითი არ არის ამ ორგანიზაციებისთვის კონვენციური სტატუსისა და უფლებამოსილებების მინიჭება.

ამიტომაც, თუ ვინმეს კოგნიტურ კომფორტს აძლევს აზრი, რომ ერთი საუკუნის წინ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არსებობდნენ, ეს ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო (ბევრი დაიწერა ილია ჭავჭავაძის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაზე“, რომელიც სწორედ ორგანიზებული საზოგადოებრივი ძალის მაგალითია).

სინამდვილეში, ნარატივი, რომელიც დღეს მოვისმინეთ, შემთხვევითი არ არის. ეს ზუსტად ის პრიზმაა, რომლის მეშვეობითაც არსებული რეჟიმი ადამიანებს ხედავს - უხმოს, დაქვემდებარებულებს და, შესაბამისად, უუფლებოს.

ფრაზა „ერთი საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ“ ნიშნავს, რომ სისტემა სუვერენიტეტს ხედავს როგორც ძალაუფლებას და არა როგორც ანგარიშვალდებულებას. რეჟიმი ებრძვის მათ, ვისაც ამ უფლებების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლის ორგანიზაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობა აქვს. ანუ ებრძვის ჭეშმარიტად უფლებადაცვით ორგანიზაციებს.

რაც შეეხება სააგენტოს, მისმა საქმიანობამ და დღეს გაცხადებულმა გადაწყვეტილებამ მისი გაუქმების თაობაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად ფასადური იყო 2024 წელს, რუსული კანონის მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც „დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, შშმ პირთა მხარდაჭერა, გარემოს დაცვა და უმცირესობათა უფლებების დაცვა“ და სხვა „კეთილ საქმეებად“ იქნებოდა მიჩნეული, თუ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა“, - წერს თამარ ონიანი.