არჩილ გამზარდია - „ქართულ ოცნებას“ კლიშეების შექმნა სჭირდება - კარგი იქნებოდა პრემიერისთვის განგვემარტა ტერმინი “ფობია”, მეცნიერ კაცს არ უნდა შეშლოდა - Palitra News

არჩილ გამზარდია - „ქართულ ოცნებას“ კლიშეების შექმნა სჭირდება - კარგი იქნებოდა პრემიერისთვის განგვემარტა ტერმინი “ფობია”, მეცნიერ კაცს არ უნდა შეშლოდა

2026-09-17 19:46:41+04:00

კარგი იქნებოდა, პრემიერისთვის განგვემარტა, რომ ტერმინი “ფობია”დევნის პროცესს გულისხმობს. ანუ უკმაყოფილება, წინააღმდეგობა, ნეგატივიც კი არ არის ფობია. თუ მე ვინმეს მიმართ ნეგატივი გამოვხატე, ეს არ არის ფობია , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, არჩილ გამზარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ანალიტიკოსის თქმით, ირაკლი კობახიძე ამ შემთხვევაში „სიტყვებით თამაშობს“.

„თუ დავიწყე დევნა და ჩაგვრა, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ფობია. ძალიან სუსტი მაგალითი მოიყვანა პრემიერმა. მეცნიერი კაცია პრემიერი და უნდა იცოდეს, რომ ჯერ კვალიფიკაცია უნდა მიანიჭოს არის თუ არა ეს ფობიის გამოვლენა? ფობიის გამოვლენა არ მთავრდება პლაკატით და აზრის გამოხატვით. თუ იქნებოდა იერიში, ვიღაცის ჩაგვრა, დევნაა ეთნიკურ ნიადაგზე და ა.შ.. ამ, შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს მსჯელობა. ასეთი პრეცედენტები რომც იყოს, ასეთი ფორმით არსებობა მაინც არ ამტკიცებს ფობიას. იმიტომ, რომ პრეცედენტების შემთხვევები უნდა იყოს სისტემატური იმისათვის, რომ ტენდენცია აჩვენოს. უკვე ტენდენცია შეიძლება იყოს ფობიური ხასიათის. მეცნიერ კაცს ეს არ უნდა შეშლოდა და მჯერა,რომ არ შეეშალა, ამით სიტყვების თამაშს აწარმოებდა“, - განაცხადა გამზარდიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების რიტორიკაში რუსეთთან დაკავშირებული გზავნილების მიმართ მაღალი ხარისხის „ფილტრი“ არსებობს.

ანალიტიკოსის შეფასებით, ხელისუფლება ქმნის ნეგატიურ ჩარჩოებს, რომელშიც შემდგომ სხვადასხვა სახის გამოხატვის მოქცევა ხდება.

„პირველ რიგში, მას სჭირდება კლიშეების შექმნა. ამ კლიშეებით სჭირდება ნებისმიერი გამოხატვა, ადამიანური თავისუფლება იყოს ჩარჩოში ჩასმული და იყოს იმ ფორმით წარმოდგენილი, როგორც ხელისუფლებას სურს.

მეორე ასპექტია, რუსული სახელმწიფოს ძალიან მაღალი რანგის ფილტრი. ფილტრის რეჟიმში არიან იმიტომ, რომ მათ ეს სჭირდებათ. ეს არის შეტყობინებათა იდენტობა, როგორც შეიძლება ჰქონდეს ლავროვს, სიმონიანს, ზახაროვას და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებათ ფილტრი. ხელისუფლებისგან ბევრი ბლეფია შექმნილი, რომლითაც ცდილობენ, შექმნან ნეგატივის ჩარჩო და მერე მოარგონ ნებისმიერს, ვინც ამ ჩარჩოში მოთავსდება“,- განახადა გამზარდიამ.