„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, „გრანტების მართვის სააგენტო“ თავიდანვე იყო „ფასადური იდეა“, რომლის შედეგიც მხოლოდ “ბიუჯეტისა და ბიუროკრატიული რესურსის ფუჭი ფლანგვა“ იყო.
კერძოდ, ნატროშვილი ეხმაურება „გრანტების მართვის სააგენტოს“ დახურვის გადაწყვეტილებას, რომელიც მთავრობამ მიიღო.
ამასთან, ნატროშვილის განცხადებით, ნარატივს, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები „გამოგონილია“ და საუკუნის წინ არ არსებობდა, ისტორიის შეგნებული გაყალბებაა.
ნატროშვილის თქმით, საზოგადოების დამოუკიდებელი გაერთიანება, სოლიდარობა და თავისუფლების დაცვა ქართული ისტორიული ტრადიციაა, ხოლო ხელისუფლების მცდელობა კი კონტროლს დაუქვემდებაროს და გააჩუმოს ალტერნატიული აზრი, ავტოკარატიას ახასიათებს.
„გრანტების მართვის სააგენტოს“ დახურვა ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც თავიდანვე ვამბობდით: სახელმწიფოს მიერ ჯიბის სამოქალაქო სექტორის შექმნის მცდელობა თავიდანვე მკვდრადშობილი, ფასადური იდეა იყო. შედეგად მივიღეთ მხოლოდ ბიუჯეტის ფულისა და ბიუროკრატიული რესურსის ფუჭი ფლანგვა.
რაც შეეხება ნარატივს, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები „გამოგონილია“ და საუკუნის წინ არ არსებობდა, ეს ისტორიის შეგნებული გაყალბებაა.
მსოფლიო გამოცდილებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძის შექმნილი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ რა იყო, თუ არა კლასიკური არასამთავრობო ორგანიზაცია? ცარისტული რეჟიმისგან სრულიად დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელმაც ქართული ენა და იდენტობა გადაარჩინა. ექვთიმე თაყაიშვილის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებაც ზუსტად იგივე სამოქალაქო თვითორგანიზების მაგალითი იყო.
საზოგადოების დამოუკიდებელი გაერთიანება, სოლიდარობა და თავისუფლების დაცვა ქართული ისტორიული ტრადიციაა. აი, ხელისუფლების მცდელობა კი, რომ ყველაფერი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს და ალტერნატიული აზრი გააჩუმოს მხოლოდ ავტოკრატიული მმართველობისთვის არის დამახასიათებელი“, - წერს ნატროშვილი.