პარტია ნამდვილად გააქტიურებულია - საპროტესტო აქციებიც მალე წამოგვეწევა, სადაც უფრო აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ, ვიდრე აქამდე ვიღებდით , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მმართველობითი საბჭოს შექმნით უფრო მეტად დემოკრატიული და პლურალისტური ხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
„ვფიქრობ, რომ პარტია ნამდვილად არის გააქტიურებული ბევრი მიმართულებით. მაგალითად, ანტიკორუფციული მიმართულებით, ბევრი აღმოჩენა გვაქვს, ბრიფინგი გვაქვს ხოლმე. საპროტესტო აქციებიც მალე წამოგვეწევა, სადაც უფრო აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ, ვიდრე აქამდე ვიღებდით. ბოლო ერთ თვის განმავლობაში ნაკლებად აქტიური პერიოდი იყო საპროტესტო კუთხით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ მხრივაც უახლოეს მომავალში იქნება სიახლეები.
მთავარია, პარტიის მართვა იყოს უფრო გამჭვირვალე, უფრო ღია, მმართველობითი საბჭოს არსიც ეს არის, რომ ყველა ლიდერი იყოს მმართველობით საბჭოში წარმოდგენილი და ყველას შეეძლოს ყოველდღიურ პროცესში მონაწილეობას მიღება. ამით ხდება არა ერთ ან ორ ადამიანზე პასუხისმგებლობის დაკისრება, არამედ უფრო მეტად დემოკრატიული და პლურალისტური ხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრების მიერ ოქტომბერ-ნოემბერში დაანონსებული აქციების ორგანიზებაში „ნაციონალური მოძრაობაც“ ჩართული, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, „ალიანსის ფორმატში შეხვედრებში „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იღებს მონაწილეობას“
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც ივანიშვილის საწინააღმდეგო აქცია იქნება,
„როდესაც პროტესტზე ვსაუბრობთ, სადაც ივანიშვილის საწინააღმდეგო აქცია იქნება, ყველგან ვიქნებით. ჩვენც დავაანონსებთ აქციებს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
გარდა ამისა, ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა ლევან სანიკიძის განცხადებას, რომ დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებადაა ჩართული.
ფავლენიშვილის თქმით, ლევან სანიკიძე არსად არ წასულა და არც აპირებს წასვლას.
„გარკვეული პერიოდის მანძილზე ის აღარ თვლიდა საჭიროდ, რომ ყოფილიყო ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული. დასვენება ყველას სჭირდება და მან ჩათვალა, რომ აეღო პაუზა, თორემ ჩვენთან ურთიერთობა ჩვეულებრივად აქვს. ლევან სანიკიძე არსად წასულა და არც აპირებს წასვლას. როგორც იყო პარტიაში, ისე რჩება. გადაცემებშიც იქნება და მათ შორის პარტიის ყოველდღიურ მმართველობაშიც ჩაერთვება, უბრალოდ, რაღაც პერიოდის მანძილზე მას ჰქონდა პაუზა, ასე ჩათვალა საჭიროდ. ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, თანამებრძოლია და აბსოლუტურად გაგებით მოვეკიდე მის განცხადებას“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.