ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გუშინ 14-მდე ბავშვი შეიყვანეს - Palitra News

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გუშინ 14-მდე ბავშვი შეიყვანეს

2026-09-18 11:43:11+04:00

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გუშინ 14-მდე ბავშვი შეიყვანეს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ვერ გაეწერებიან, რადგან ექიმის ინფორმაციით, მათ მონიტორინგი და ელექტროლიტური დისბალანსის შევსება სჭირდებათ.

„14-მდე ბავშვია ჩვენთან შემოსული სხვადასხვა ბაღიდან, ყველას მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმაციული-ინტენსიური თერაპია არავის დასჭირდა, გასტროენტერიტის მოვლენებით გუშინ საღამოდან დღეს დილამდე გრძელდებოდა პაციენტების მომართვიანობა.

ამ ეტაპზე, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ვერ გაეწერებიან, მონიტორინგი სჭირდებათ, ელექტროლიტური დისბალანსის შევსება და დაკვირვება“ - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.