თბილისის 20 საბავშვო ბაღში 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები დაუფიქსირდა, რის გამოც მათ სამედიცინო დახმარება ექვს კლინიკაში გაეწიათ. ინტოქსიკაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ოთხ ბაღსა და საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში, ასევე მიმდინარეობს შესაბამისი ნივთებისა და პროდუქტების ექსპერტიზა. მშობლების ნაწილი, ბავშვების ინტოქსიკაციას რძის პროდუქტს, ნაწილი კი ხორცს უკავშირებს. ინტოქსიკაციის შემთხვევების გამო, თბილისში შვიდ საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დანარჩენი 183 ბაღი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.