თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ასახელებს ბაღებს, რომლებიც ბავშვების ინტოქსიკაციის გამო დაიხურა - Palitra News

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ასახელებს ბაღებს, რომლებიც ბავშვების ინტოქსიკაციის გამო დაიხურა

2026-09-18 14:32:05+04:00

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო დაკეტილი 7 ბაღია: 49-ე ბაგა-ბაღი; 22-ე ბაგა-ბაღი; 109-ე ბაგა-ბაღი; 124-ე ბაგა-ბაღი; მე-10 ბაგა-ბაღი; 31-ე ბაგა-ბაღი; 59-ე ბაღი.

ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.