“ჰუსიტების” განცხადებით, საუდის არაბეთის დედაქალაქზე თავდასხმები განახორციელეს - ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი და კვამლი დაფიქსირდა - Palitra News

“ჰუსიტების” განცხადებით, საუდის არაბეთის დედაქალაქზე თავდასხმები განახორციელეს - ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი და კვამლი დაფიქსირდა

2026-09-20 12:14:50+04:00

იემენელი ჰუსიტების განცხადებით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე „სტრატეგიულად მნიშვნელოვან“ ობიექტებს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქის მთავარ აეროპორტთან ცეცხლი და კვამლის დიდი სვეტი შენიშნეს.

ჰუსიტებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა იყო მათი სამიზნე ერ-რიადში, თუმცა განაცხადეს, რომ ასევე თავს დაესხნენ „არამკოს“ ობიექტს წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ იანბუში, რომელიც საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია.

მათი თქმით, ეს ოპერაცია იემენის დედაქალაქ სანაში განხორციელებულ თავდასხმაზე საპასუხო ქმედება იყო.

საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ, რომელიც ჰუსიტებს ებრძვის, განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს რაკეტა, რომელიც იემენურმა დაჯგუფებამ შაბათს დილით ერ-რიადის მიმართულებით გაუშვა.

კოალიციამ ასევე განაცხადა, რომ აღკვეთა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები საუდის არაბეთის ქალაქებში: ბიშში, ფარასანში, ტაიფშსა და იანბუში. განცხადებაში არ არის აღნიშნული, მიადგა თუ არა რაიმე სახის ზიანი აღნიშნულ ტერიტორიებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში მყოფი ამერიკელებისთვის უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა და მიზეზად ჰუსიტების თავდასხმები დაასახელა. სახელმწიფო დეპარტამენტმა რეგიონში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს „განსაკუთრებული სიფხიზლის“ გამოჩენისკენ მოუწოდა, ხოლო მათ, ვინც რეგიონის გარეთ იმყოფებიან, ურჩია, სერიოზულად გადახედონ ამ რეგიონში ან მის გავლით მგზავრობის საკითხს.

ჰუსიტები, რომლებიც იემენის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნაწილებსა და ჩრდილოეთის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, საუდის არაბეთზე თავდასხმებს მას შემდეგ ახორციელებენ, რაც ივლისში ერ-რიადის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს. თავდასხმები მიმართულია საუდის არაბეთის ქალაქების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და საზღვაო გადაზიდვების წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის ნავთობის გლობალურ მიწოდებას და რისკის ქვეშ აყენებს სპარსეთის ყურის ქვეყნების ექსპორტისთვის განკუთვნილ მთავარ ალტერნატიულ მარშრუტს წითელ ზღვაში - იმ პირობებში, როდესაც ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება კვლავ ბლოკირებულია.