ვლადიმერ პუტინი - რუსეთი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებს - Palitra News

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებს

2026-09-20 12:16:32+04:00

რუსეთ-ცხინვალის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით, - ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტს” მარატ კამბოლოვს “რესპუბლიკის დღეს” ულოცავს.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, “მოსკოვი და ცხინვალი ნაყოფიერად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით და ურთიერთობენ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარე”.

“ჩვენ, უდავოდ, გავაგრძელებთ მჭიდრო ერთობლივ მუშაობას მრავალმხრივი პარტნიორული კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარების მიზნით”, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი “სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხისთვის” დახმარების გაწევას გააგრძელებს.

“ასევე მსურს დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს ყველა შესაძლო დახმარების გაწევას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანების გადაწყვეტაში”, - აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდა, რომელშიც, ე.წ. “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” ინფორმაციით, ხმების 84.95%-ით მარატ კამბოლოვმა გაიმარჯვა.