იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გასტროენტერიტული ჩივილებით მკურნალობას 8 ბავშვი აგრძელებს - Palitra News

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გასტროენტერიტული ჩივილებით მკურნალობას 8 ბავშვი აგრძელებს

2026-09-20 14:36:15+04:00

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში ამ ეტაპზე 8 ბავშვი მკურნალობს.

კლინიკის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, ჰოსპიტალში მკურნალობას 14 პაციენტი გადიოდა - აქედან 6 დღეს გაეწერა ბინაზე, 8 პაციენტი ჰოსპიტალში რჩება და მათი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტებს აღენიშნებოდათ გასტროინტესტინური ჩივილები. ამ ეტაპზე მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს კლინიკური მდგომარეობის დინამიკაში შეფასება და მონიტორინგი.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. მათივე ცნობით, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია. შეგახსენებთ იმასაც, რომ მანამდე ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო. „კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.