პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივა ე.წ. კარპატების რვიანი პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასთან და „მთავრობა რომ იყოს არა რუსული, ამ ინიციატივის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ რეგიონში ერთ-ერთი აქტიური ლიდერი იქნებოდა“.
როგორც პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია წერილში წერს, ამ მიმართულებით მსჯელობის დაწყება ჩვენს პარტნიორებთან ოპოზიციასაც შეუძლია და ძალიან სასარგებლო იქნება.
„ზელენსკის კარპატების ქვეყნების ინიციატივა ე.წ. კარპატების რვიანი, რომელშიც შედის: უკრაინა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ავსტრია და სერბეთი, არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება და პირდაპირ კავშირშია ჩვენს უსაფრთხოებასთან. ეს ინიციატივა პასუხობს თანამედროვე სამყაროში რეგიონული უსაფრთხოების სისტემის აუცილებლობას. თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია არ დაგვჭირდეს არსებული უსაფრთხოების ინსტიტუტების გარდა, უფრო მცირე და მობილური რეგიონული ინსტიტუტების შექმნა. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, როდესაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გადანაწილებული იყვნენ ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიაში და აქტიურად დაიწყო ლიბერალური ნაციონალური მოძრაობები, მაშინ, როდესაც ფიქრობდნენ დამოუკიდებლობაზე, აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანას თავში ჰქონდა აზრი, რომ დამოუკიდებლად ჩამოყალიბების პირობებში, რუსეთთან მარტო დარჩენა იყო ძალიან დიდი საფრთხე. ბევრმა ქვეყანამ არჩია ავსტრია-უნგრეთში დარჩენილიყო უფრო ძლიერი ავტონომიით, ვიდრე ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო, რადგან მაშინაც კარგად ესმოდათ რუსული იმპერიის დესტრუქციული ძალა. ისტორიულად, უძველესი დროიდან აღმოსავლეთ ევროპის ეს ზოლი მუდმივად უფრთხოდა რუსეთს. ისტორიას რომ გადავხედოთ, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, არასდროს აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობა არ ყოფილა, თუ სახელმწიფოები არ იყვნენ დაცულნი რაიმე კოლექტიური უსაფრთხოების ინსტიტუტით. ამის ყველაზე კარგი მაგალითია, სტალინისა და ჰიტლერის მოლაპარაკება აღმოსავლეთ ევროპის გაყოფასთან დაკავშირებით, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი უკრაინასა და პოლონეთში, სისხლის გუბეები იდგა, როდესაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ ისინი გაიყვეს. როგორც კი მარტო რჩებოდნენ ეს ქვეყნები, მათთვის რუსეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. დღეს ზუსტად მსგავსი პრობლემაა - ცივი ომის დასრულების შემდეგ საბოლოოდ ფორმირდა აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მაგრამ მათ მხოლოდ წლების შემდეგ შეძლეს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. შესაბამისად, რუსეთმა სწრაფადვე ნახა თავისი დესტრუქციული პოლიტიკის სივრცე და ამაში მოვყევით ჩვენც. ოღონდ 21-ე საუკუნეში გეოგრაფიულად გაფართოვდა საერთაშორისო ურთიერთობების არეალი და უკვე გარდაუვალია, რომ ნატოსა და ევროკავშირში უნდა ჩამოყალიბდეს შიდა რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტები. სწორედ ამ კონტექსტში, ამ ისტორიულ და თანამედროვე მოცემულობაში, ზელენსკის ინიციატივა ერთადერთი სწორი ინიციატივაა, რომელიც რეგიონში მშვიდობას მოიტანს. ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ბუნებრივია, უკრაინა არის ლიდერი. ასევე, მნიშვნელოვანია ბალტიის, ბალკანეთის რეგიონი, თურქეთი და სამხრეთ კავკასია, ანუ ჩვენი ქვეყნის არეალი და სამხრეთ კავკასიაში გვაქვს ისტორიული სიახლე: საუკუნეების მანძილზე პირველად გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენ შევქმნათ ერთიანი, საერთო ინტერესებზე დამყარებული ბლოკი, რომელიც იქნება ევროპული კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილი. სწორედ ამას გულისხმობს ნატოს სტრატეგია 2030. ამიტომ ზელენსკის ინიციატივა ეს არის თანამედროვე გამოწვევებისთვის, მშვიდობისთვის ფეხის აწყობა და ზუსტად შეგრძნება მომენტისა, რომ აუცილებელია რეგიონული ევროპა. ბუნებრივია, ჩვენი მთავრობა რომ იყოს არა რუსული, არამედ ეროვნული, რა თქმა უნდა, იქნებოდა ამ ინიციატივის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ ერთ-ერთი აქტიური ლიდერი რეგიონში; იაქტიურებდა სამხრეთ-კავკასიაში, უკრაინასთან, ბალტიის ქვეყნებთან და საქართველო ევროკავშირის შიგნით ამ უსაფრთხოებისა და მშვიდობის ზოლის შექმნაში იქნებოდა წამყვანი სახელმწიფო. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მთავრობა, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში….ამ მიმართულებით მსჯელობის დაწყება ჩვენს პარტნიორებთან ოპოზიციასაც შეუძლია და ძალიან სასარგებლო იქნება“, - წერს ელენე ხოშტარია წერილში.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამშრომლობის ახალი ფორმატის, „კარპატული რვიანის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც გააერთიანებს უკრაინას და შვიდ ევროპულ ქვეყანას, ასევე ევროკავშირს.
„ვიწყებთ ახალ ფორმატს C8-ს - „კარპატულ რვიანს“, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ და ჩვენს მეზობლებს ევროპაში: რუმინეთს, სერბეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს და, რა თქმა უნდა, მთლიანად ევროკავშირს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რეგიონული თანამშრომლობის ამ ფორმატმა ზემოაღნიშნული ქვეყნები ერთმანეთთან უნდა დააახლოოს და ევროკავშირის დონეზე ურთიერთობის კიდევ ერთი ელემენტი შექმნას, რომელიც უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და საზღვრისპირა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს მოიცავს.