ლუქსემბურგის მთავრობის განცხადებით, საჰაერო სივრცის მონიტორინგის გასაძლიერებლად დრონების აღმომჩენი დამატებითი საშუალებები განალაგეს , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარასკევს, დრონების გამოჩენის გამო, ლუქსემბურგის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
„საჰაერო სივრცის მონიტორინგისა და ანალიზის შესაძლებლობების გასაძლიერებლად განლაგდა აღმოჩენის დამატებითი საშუალებები, მათ შორის, უცხოელი პარტნიორების მიერ მოწოდებული რესურსები“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
მათი განმარტებით, აღნიშნული დამატებითი სისტემები ხელს უწყობს საჰაერო სივრცის მონიტორინგის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას და კომპეტენტური ორგანოების მიერ ვითარების უკეთ შეფასებას.
ლუქსემბურგის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ შაბათს საღამოს პოლიციამ მიიღო რამდენიმე შეტყობინება ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების სავარაუდო არსებობის შესახებ, თუმცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არცერთ შემთხვევაში არ იყო საჭირო ხელისუფლების მხრიდან ოპერატიული ჩარევა.
ცნობისთვის, ლუქსემბურგის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც პარასკევს საღამოს, ამოუცნობი დრონის ვიზუალურად დაფიქსირების გამო, ფრენები დროებით შეჩერდა.