რუსებმა გუშინ საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენს ათ რეგიონს დაარტყეს - რუსეთი ესკალაციის გზიდან უკან არ იხევს და მრავალ სიგნალს იძლევა იმასთან დაკავშირებით, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა გუშინ ღამით ზაპორიჟიეზე სასტიკი და მიზანმიმართული თავდასხმა განახორციელეს, დაზიანდა ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლები, უნივერსიტეტის შენობა და სავაჭრო ცენტრი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავდა ხუთი ადამიანი. ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაში კი დრონით განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და სამი დაშავდა.
“რუსეთი ესკალაციის გზიდან უკან არ იხევს და მრავალ სიგნალს იძლევა იმის თაობაზე, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც ამ ომმა უკვე შეარყია მსოფლიო სტაბილურობა. უნდა განვაგრძოთ აგრესორზე ზეწოლა, რათა ეს ომი დავასრულოთ. თითოეული საპასუხო ქმედება და შორ მანძილზე მოქმედი “სანქცია” იმ ზეწოლის ნაწილია, რომელიც რეალურად მუშაობს და რომელსაც მსოფლიო გრძნობს. თუმცა, პარალელურად დიპლომატიაც უნდა მუშაობდეს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია მშვიდობის მიღწევა ერთობლივი ძალისხმევით. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელზეც ყველა ლიდერმა უნდა იმუშაოს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.