თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება - Palitra News

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება

2026-09-22 12:20:28+04:00

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შემოწმება მოიცავს სრულ სამედიცინო სკრინინგს, რაც ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის არის აუცილებელი.

“მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობს თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი, რომელიც მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სხვადასხვა ფილიალით მოსარგებლე, დაახლოებით 1 500 ბენეფიციარს ჩაუტარდება. სამედიცინო შემოწმების პროგრამა მოიცავს სრულ სამედიცინო სკრინინგს, რაც აუცილებელია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, კერძოდ, კარდიოლოგის, პედიატრის კონსულტაციას, კარდიოლოგიურ კვლევებს, ანთროპომეტრიასა და ფეხის ტერფის შემოწმებას, საბაზისო ოფთალმოლოგიურ და სტომატოლოგიურ შემოწმებას, მუცლის ღრუს ექოსკოპიასა და ფიზიკური განვითარების შეფასებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფასოდ ტარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამედიცინო შემოწმების პროცესში პირველად გახდა ხელმისაწვდომი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებით მოზარდის ფიზიკური განვითარება მაღალი სიზუსტით დგინდება.

“პროექტის ფარგლებში პირველად, სამედიცინო შემოწმების პროცესში ხელმისაწვდომი გახდა და გამოყენებულია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები - HumanTrak 3D სისტემა, რომლის საშუალებითაც ფასდება მოზარდის ფიზიკური განვითარება, მოძრაობის ხარისხი და ფუნქციური მდგომარეობა 100% სიზუსტით, ხოლო სათამაშო სპორტის სახეობების სპორტსმენებისთვის SmartSpeed სისტემა, რომელიც იძლევა ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და შემდგომი განვითარების სწორად დაგეგმვის საშუალებას. ეს არის ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი პროგრამა. დარწმუნებული ვარ, ის 1 500 ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი სპორტული სივრცეების ბენეფიციარია, შეძლებს, მიიღოს სრული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც მათ შემდგომ განვითარებაში დაეხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა სპორტული მედიცინის აკადემიას, რომელიც პროექტს მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახორციელებს.