„ჩაკრულოს“ კოსმოსური ოდისეა - ქართული სიმღერა მზის სისტემის მიღმაწარმოიდგინეთ კოსმოსური ხომალდი, რომელიც დედამიწიდან 20 მილიარდზე მეტი კილომეტრით არის დაშორებული. იქ, სადაც მზის სინათლეც კი უსიცოცხლო წერტილად ჩანს და ირგვლივ აბსოლუტური სიჩუმეა, მილიარდი წლის განმავლობაში იმოგზაურებს პატარა ოქროს ფირფიტა, რომელზეც კაცობრიობის ყველაზე ძვირფასი საგანძურია აღბეჭდილი: ბახის, მოცარტის, ჩაკ ბერის მუსიკა... და მათ შორის - ქართული ხალხური სიმღერა.
მაგრამ, როგორ მოხვდა კლასიკური, საგუნდო, პოლიფონიური, სუფრული სიმღერა NASA-ს კოსმოსურ ხომალდზე? რა ხდის მას ასეთ უნიკალურს და როგორ აჯობა მან ცივი ომის პერიოდში კრემლის ძლიერ პოლიტიკურ მანქანას?
დღეს მოგიყვებით „ჩაკრულოს“ დაუჯერებელ ისტორიას - ამბავს სიმღერაზე, რომელიც დედამიწის სავიზიტო ბარათად იქცა.
***
1977 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ - NASA-მ კოსმოსში ორი პატარა კოსმოსური ხომალდი - „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“გაუშვა.
მაშინ არავინ იცოდა, სად დასრულდებოდა მათი მოგზაურობა, მაგრამ მეცნიერებმა ერთი რამ წინასწარ გადაწყვიტეს: თუ ოდესმე, ძალიან შორეულ მომავალში, ამ ხომალდებს სხვა ცივილიზაცია იპოვიდა, მათ უნდა სცოდნოდათ, რომ გალაქტიკაში არსებობდა პლანეტა, რომელსაც დედამიწა ერქვა, და მასზე ადამიანები ცხოვრობდნენ.
ამისთვის „ვოიაჯერებს“ სპეციალური ოქროს ფირფიტა გაატანეს, რომელზეც ჩაიწერა დედამიწის ხმები: ქარის, წვიმის, ზღვის, ცხოველების, ადამიანის...
55 ენაზე წარმოთქმული მისალმებები.
კაცობრიობის მთელი მუსიკალური ისტორიიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული ნაწარმოები შეირჩა: ბახი; ბეთჰოვენი; მოცარტი; ჩაკ ბერი; აფრიკული, ინდური, ჩინური ხალხური მუსიკა და მათ შორის ერთი სიმღერა საქართველოდან.
„ჩაკრულო“ - ქართული სიმღერა საუკუნოვანი ისტორიით...
„ჩაკრულო“ - ქართლ-კახური კლასიკური, საგუნდო და პოლიფონიური სუფრული სიმღერაა. ქართული მრავალხმიანობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუში. მისი მუსიკალური წყობა იმდენად რთული და თავისებურია, რომ ერთი შეხედვით შეიძლება ძნელი გასაგებიც კი იყოს - სად მთავრდება ერთი ხმა და სად იწყება მეორე.
„ჩაკრულო“ სამხმიანია. ხმები ერთმანეთს არ მიჰყვებიან, თითოეულს საკუთარი მელოდიური გზა აქვს. სწორედ ეს რთული ვოკალური ქსოვილი ქმნის „ჩაკრულოს“ უნიკალურ ჟღერადობას.
„ჩაკრულო“ მხოლოდ ერთი კონკრეტული ტექსტის სიმღერა არ არის. მას სხვადასხვა ვარიაცია აქვს. ტექსტები თემატურად ერთმანეთისგან განსხვავდება - გვხვდება როგორც პროზაული, ისე ეპიკური და სუფრული პოეტური ტექსტები.
„ჩაკრულოს“ ერთ-ერთი პირველი ცნობილი ჩანაწერი ქართველ კომპოზიტორს ზაქარია ფალიაშვილს ეკუთვნის. მე-20 საუკუნის დასაწყისში მან ეს სიმღერა კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში ჩაწერა. სწორედ ამგვარი ჩანაწერების წყალობით დაიწყო ქართული ხალხური მუსიკის შეგროვება, შესწავლა და მომავალი თაობებისთვის შენახვა.
ხალხური სიმღერა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ზეპირად, ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა, ერთ დღეს ჩაიწერა. შემდეგ ეს ჩანაწერები არქივებში მოხვდა. არქივებიდან - მსოფლიოს მუსიკალური მკვლევრების ხელში და საბოლოოდ, ქართული სოფლიდან დაწყებულმა სიმღერის გზამ ამერიკის კოსმოსურ სააგენტო NASA-მდე მიაღწია.
სიტყვა "ჩაკრულოს" მნიშვნელობას უკავშირებენ გადაჯაჭვულობას, ერთმანეთთან შეჭიდებას, მჭიდროდ შეკვრას. და მართლაც, ამ სიმღერაში ხმები თითქოს ერთმანეთს ებრძვიან და ამავე დროს ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვული. მაგრამ „ჩაკრულო“ მხოლოდ მუსიკალური ექსპერიმენტი არ არის. მისი ტექსტი თავისუფლებაზეა, ბრძოლაზე, ამბოხზე... სიმღერაში გლეხები ერთმანეთს პირობას აძლევენ, რომ მჩაგვრელის წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ.
ეს არის ძმობის ფიცი. დაუმორჩილებლობის სიმღერა. სიმღერა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანებმა სუფრასთან იმღერეს, სინამდვილეში თავისუფლებისა და წინააღმდეგობის ისტორიას ინახავს. ამიტომ „ჩაკრულოში“ საოცარი წინააღმდეგობაა: ერთდროულად სუფრულია და საბრძოლო. საზეიმოა და დრამატული. უძველეს ტრადიციას ეკუთვნის, მაგრამ მისი ჟღერადობა დღესაც სრულიად თანამედროვე და მოულოდნელად ძლიერი ჩანს.
2001 წელს ქართული პოლიფონია UNESCO-მ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა. და ქართული მრავალხმიანობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად იქცა. მაგრამ „ჩაკრულოს“ ყველაზე წარმოუდგენელი მოგზაურობა ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. მას უნდა დაეტოვებინა არა მხოლოდ საქართველო. არა მხოლოდ კავკასია. არამედ თავად დედამიწა.
***
1977 წელს ამერიკის კოსმოსური სააგენტო ორ უმნიშვნელოვანეს კოსმოსურ მისიას ამზადებდა. „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“ თავდაპირველად მზის სისტემის გიგანტური პლანეტების შესასწავლად უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ერთ დღეს ისინი მზის სისტემას დატოვებდნენ და ვარსკვლავთშორის სივრცეში განაგრძობდნენ მოგზაურობას.
სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, რომელსაც დღეს „ვოიაჯერის ოქროს ფირფიტის“ სახელით ვიცნობთ.
მიზანი მარტივი იყო: თუ უცხოპლანეტელები ამ აპარატს იპოვიან, რას ვეტყვით მათ საკუთარ თავზე? როგორ უნდა მოყვე დედამიწის ისტორია ისე, რომ მსმენელს არც შენი ენა ესმოდეს და არც შენი კულტურა იცოდეს?
პროექტს ცნობილი ასტრონომი კარლ სეიგანი ხელმძღვანელობდა. მის გუნდს სულ რამდენიმე კვირა ჰქონდა იმის გადასაწყვეტად, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დედამიწის ხმა. ეს არჩევანი მარტივი არ ყოფილა. მსოფლიოს მთელი მუსიკალური მემკვიდრეობიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული ნაწარმოები უნდა შერჩეულიყო.
იმ პერიოდში მსოფლიო ცივი ომის შუაგულში იყო. ამერიკა და საბჭოთა კავშირი პოლიტიკურად თითქმის ყველაფერში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. და რა თქმა უნდა, კოსმოსშიც.
როდესაც „ოქროს ფირფიტისთვის“ საბჭოთა კავშირის მუსიკალური მასალის მოძიება დაიწყეს, საბჭოთა მხარეს თავისი კანდიდატი ჰყავდა. პოპულარული რუსული სიმღერა - „Подмосковные вечера“.
მაგრამ კარლ სეიგანის გუნდს განსხვავებული აზრი ჰქონდა. მათ სურდათ ეპოვათ ისეთი მუსიკა, რომელიც საბჭოთა სახელმწიფოს კი არა, იმ უზარმაზარი სივრცის ნამდვილ კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოადგენდა.
მათ დახმარებისთვის ამერიკელ ეთნომუსიკოლოგს, ალან ლომაქსს მიმართეს. ლომაქსი მსოფლიოში ხალხური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მკვლევარი იყო. მან უამრავი ქვეყანა მოიარა, ასობით უნიკალური მუსიკალური ჩანაწერი შეაგროვა და მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის მუსიკა დასავლეთისთვის ხელმისაწვდომი გახადა.
სწორედ მან მოასმენინა NASA-ს გუნდს ქართული სიმღერა - „ჩაკრულო“.
ოქროს ფირფიტის პროექტის კრეატიული დირექტორი ენ დრიუიანი მოგვიანებით ამ მომენტს იხსენებდა:
თავიდან საბჭოთა ჩინოვნიკები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩვენთვის პოპულარული სიმღერა „მოსკოვის ღამეები“ მოეხვიათ... მწერალ ჯონათან კოტის რჩევით, Voyager Record-ის პროდიუსერმა ტიმოთი ფერისმა და მე კონსულტაცია გავუწიეთ ლეგენდარულ მუსიკოლოგსა და მუსიკის თეორეტიკოსს, ალან ლომაქსს. მან ჩვენთვის „ჩაკრულო“ დაუკრა და როდესაც მისი ამაღელვებელი, ამაღლებული ხმით აღფრთოვანებულები გავხდით, მან გაიღიმა და წამოიძახა: „ხედავთ, ეს არის მუსიკა, რომელსაც ქმნიან ადამიანები, რომლებსაც საკმარისად აქვთ საჭმელი!!“
იმ მომენტიდან „ჩაკრულოს“ ადგილი ოქროს ფირფიტაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. მაგრამ ისტორია აქ არ დასრულებულა. საბჭოთა ჩინოვნიკებს ქართული სიმღერის არჩევანი არ მოსწონდათ. „ჩაკრულოს“ ტექსტი ინგლისურად თარგმნეს და ამერიკელებს აუხსნეს, რომ ეს მშვიდობის სიმღერა არ იყო. მასში ბრძოლა, დაპირისპირება და ფეოდალის წინააღმდეგ ამბოხი იყო. მაგრამ, ალბათ, სწორედ ეს იყო მისი ძალაც.
რადგან კოსმოსში გასაგზავნად ადამიანები იდეალურ სამყაროზე დაწერილ სიმღერას კი არ ირჩევდნენ, ისინი ნამდვილი ცხოვრების ამბავს არჩევდნენ, თავისი სიყვარულით, სიხარულით, ტკივილით, ბრძოლითა და თავისუფლების სურვილით.
საბოლოოდ „ჩაკრულოს“ ის ჩანაწერი შეარჩიეს, რომელსაც მაშინ საქართველოს სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ასრულებდა.
სოლო ხმებს ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათი ხმები ერთ დღეს დედამიწას დატოვებდა.
1977 წელს ორი „ვოიაჯერი“ კოსმოსში გაფრინდა. ორივე ხომალდზე ოქროს ფირფიტა იყო დამაგრებული და ორივემ თან წაიღო „ჩაკრულო“. მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა. დღეს „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“ ვარსკვლავთშორის სივრცეში მოგზაურობენ. ისინი მზის სისტემას გასცდნენ.
არავინ იცის, მოუსმენს თუ არა „ჩაკრულოს“ ოდესმე ვინმე. არავინ იცის, იპოვის თუ არა ამ პატარა კოსმოსურ ხომალდებს სხვა ცივილიზაცია. შესაძლოა, მათ კიდევ მილიონობით ან მილიარდობით წლის განმავლობაში იმოგზაურონ სამყაროს სიჩუმეში.
მაგრამ ერთი რამ უკვე ფაქტია.
მსოფლიოს მილიონობით სიმღერიდან ადამიანებმა მხოლოდ რამდენიმე ათეული აირჩიეს იმისთვის, რომ სამყაროსთვის საკუთარი თავი გაეცნოთ. და ამ სიაში საქართველო მოხვდა - ქართველი ადამიანების ხმებით.
"ჩაკრულოს" კოსმოსური ოდისეა - ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება პატარა ქვეყნის ხმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ დედამიწის წარმომადგენლად აირჩიონ.