ნედლი ნავთობის იმპორტი კატასტროფიულად იზრდება, კოლოსალურად არის გაზრდილი საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტიც - Palitra News

ნედლი ნავთობის იმპორტი კატასტროფიულად იზრდება, კოლოსალურად არის გაზრდილი საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტიც

2026-09-22 14:08:45+04:00

ნედლი ნავთობის იმპორტი კატასტროფიულად იზრდება, კოლოსალურად არის გაზრდილი საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტიც. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტი თითქმის 134 ათასი პროცენტით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი ნავთობპროდუქტების ექსპორტი 4 ათას პროცენტზე მეტით. უფრო კონკრეტულად, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია ნათქვამი, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 283 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნედლი ნავთობი შემოვიდა, წინა წლის იმავე პერიოდში კი დაახლოებით 211 ათასი დოლარის. რაც შეეხება ადგილობრივი ნავთობპროდუქტების ექსპორტს, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან 649 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ადგილობრივი პროდუქტი გავიდა, წინა წლის იმავე პერიოდში კი მხოლოდ 14 მლნ დოლარის. ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოში მოპოვებულ ან გადამუშავებულ ნავთობზე და არა რეექსპორტზე. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, ნედლი ნავთობი საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოვიდა. რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის 8 თვეში, ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტი საქართველოდან ტოგოში, ჩინეთსა და თურქეთში გავიდა.