ევროპის საბჭო ბახმაროში ჩატარებულ სემინარზე „ინტერპრესნიუსთან“ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ არც არმაზ ახვლედიანისა და არც პოლიტიკური სწავლების სკოლის სხვა წარმომადგენლებისთვის „არანაირი ჰონორარი არ გადაუხდიათ“ - Palitra News

ევროპის საბჭო ბახმაროში ჩატარებულ სემინარზე „ინტერპრესნიუსთან“ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ არც არმაზ ახვლედიანისა და არც პოლიტიკური სწავლების სკოლის სხვა წარმომადგენლებისთვის „არანაირი ჰონორარი არ გადაუხდიათ“

2026-09-22 15:24:12+04:00

ევროპის საბჭო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან ერთობლივი აქტივობის სახით ბახმაროში ჩატარებულ სემინართან და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ განმარტებას აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროპის საბჭოს სათაო ოფისიდან, გაგზავნილ კითხვაზე საპასუხოდ, ექსკლუზიურად განუცხადეს, „სემინარის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება და მხარდაჭერილია პირდაპირ ევროპის საბჭოს მიერ, საქართველოს მიმღებისთვის გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა“.

ევროპის საბჭოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს ისიც, რომ მათი მხრიდან არანაირი ჰონორარი არ ყოფილა გადახდილი არც არმაზ ახვლედიანისთვის და არც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სხვა წარმომადგენლებისთვის აღნიშნულ სემინართან დაკავშირებით, თავად სემინარი კი ევროპის საბჭოს VC-პროექტის „სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერა საქართველოში“ და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის (TSPS) ერთობლივი აქტივობაა.

„სემინარი „დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი“, რომელიც ბახმაროში 2026 წლის 18-19 სექტემბერს ჩატარდა, არის ევროპის საბჭოს VC-პროექტის „სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერა საქართველოში“ და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის (TSPS) ერთობლივი აქტივობა.

პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონსულტაციით მომზადდა და, მათ შორის, მიზნად ისახავს დიალოგისა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის გაძლიერებას, როგორც დემოკრატიის კულტურის საფუძვლებს.

სემინარი ხორციელდება და მხარდაჭერილია პირდაპირ ევროპის საბჭოს მიერ როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობა და სკოლა არის პარტნიორი და მასპინძელი.

აქტივობა არ მოიცავდა გრანტის გადარიცხვას ქართველი მიმღებისთვის.

სემინარზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევით ხდებოდა და არ იყო ღია მედიისთვის. ღონისძიებაზე დასასწრები მოწვევები ფართოდ გავრცელდა პოლიტიკური სწავლების სკოლის (TSPS) კურსდამთავრებულებს შორის, რომლებიც პარტიული კუთვნილების მიხედვით განსხვავებულ მოსაზრებებს წარმოადგენენ; ეს მიზნად ისახავდა ღია და კონსტრუქციული დებატების ხელშეწყობას მრავალფეროვანი შეხედულებების გათვალისწინებით.

ევროპის საბჭოს მხრიდან არანაირი ჰონორარი არ ყოფილა გადახდილი არც არმაზ ახვლედიანისთვის და არც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სხვა წარმომადგენლებისთვის აღნიშნულ სემინართან დაკავშირებით“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.