ღარიბაშვილი ჩივის, როგორც დაჩაგრული ადამიანი, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა გამოსჭვივის ის, რომ სადღაც ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას: „ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა, ამას დაუმძიმდეს ბრალი", იმას [არა]“ , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებს ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ ღარიბაშვილს, როგორც ჩანს, ემუქრებიან, რომ „ჭკუით იყავი, თორემ დაგიმატებთ“.
„სულ მახსენდება ღარიბაშვილის ფრაზები, სააკაშვილთან დაკავშირებით ამბობდა, რომ „ჭკუით იყოს, თორემ დავუმატებთო“, ამას ძალიან ბაქი-ბუქით ამბობდა. ახლა, როგორც ჩანს, მასაც ეუბნებიან, რომ „ჭკუით იყავი, თორემ დაგიმატებთ“. მათ თვითონ აღიარა, რომ შეუთვალეს. არც თვლიან საჭიროდ, რომ სამართალზე ილაპარაკონ. ამბობს, რომ შეუთვალეს, „აღიარე ბრალი და გაგათავისუფლებთ“, მერე არ შეასრულეს პირობა. ამას ჩივის, როგორც დაჩაგრული ადამიანი, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა რა გამოსჭვივის? გამოსჭვივის ის, რომ სადღაც ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას: „ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა, ამას დაუმძიმდეს ბრალი, იმას [არა]“. გასაგებია ვინც აკეთებს ამას,ჩვენ ამის თქმას არ ვერიდებით, მაგრამ ღარიბაშვილი ერიდება. მას აქვს მოწიწება და წესით უნდა ჰქონდეს კიდეც იმიტომ, რომ ღარიბაშვილი სადაც აღმოჩნდა, იქ ვერასოდეს ვერ აღმოჩნდებოდა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი რომ არ ყოფილიყო. გაოგნებული ვარ იმით, რომ ამ კაცმა, მაგარი მენეჯმენტი ვიციო, რომ გვეტრაბახებოდა, აღმოჩნდა, რომ ვერც პრემიერ-მინისტრები შეარჩია, ვერც პრეზიდენტები შეარჩია. ყველა კორუფციაში აღმოჩნდა გახვეული, პრემიერ-მინისტრი და საკვანძო მინისტრები. რანაირი კარგი მენეჯერია?“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის შეტანაზეც ისაუბრა.
ჩიხრაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წასვლა, მისთვისაც ძალიან მძიმე იქნება.
„ბიძინა ივანიშვილის გუნება-განწყობილებაზე და მჩხიბაობაზე ვართ დამოკიდებული, როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა ერთი რამ მან ძალიან კარგად იცის, ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წასვლა, მისთვისაც ძალიან მძიმე იქნება და დროს იგებს. რა მოხდება უკრაინაში, რა ვითარება იქნება მის პატრონ პუტინთან, იქნებ, მერე სხვა პატრონი დაჭირდეს? ამიტომ ბოლომდე არ გადაჭრის ყველა ხაზს, რომელიც პოლიტიკურად და ხელისუფლებისთვის ჭირდება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.