21-ე საჯარო სკოლასთან პროტესტი გრძელდება. მშობლები და მასწავლებლები პასუხებს ითხოვენ, როდის და რა პირობებში განახლდება სწავლა. მათი მთავარი მოთხოვნაა სრულყოფილი დასკვნა და ისეთი სივრცის მოძიება, სადაც ბავშვები რამდენიმე ცვლაში სწავლის გარეშე შეძლებენ. სკოლის ყოფილი დირექტორი მშობლების უნდობლობას ლეგიტიმურად მიიჩნევს და განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. მისი შეფასებით, პრობლემები სკოლასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არსებობდა. ადგილზე კვლავ რჩებიან მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები, რომლებიც სამინისტროსგან გადაწყვეტილებას ელოდებიან.