ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში მსჯავრდებული დავით მიქაძე დაკავებული არ არის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულის, ძებნაში მყოფი მიქაძის ადვოკატმა, შორენა მიქაბაძემ განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მას დავით მიქაძესთან ჰქონდა კომუნიკაცია და დასძენს, რომ დავით მიქაძე დაკავებული არ არის და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ადვოკატის განცხადებით, არათუ დაკავებას, ინციდენტსაც კი არ ჰქონია ადგილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე საფრანგეთში დააკავეს.
როგორც ცნობილია, დავით მიქაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში.მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.