გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო შექმნის ახალ ცენტრს დეზინფორმაციის - მათ შორის რუსეთიდან მომდინარე - მომწამვლელი ტალღის შესაკავებლად და სათავეში ჩაუდგება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების გლობალური სტანდარტების დანერგვის პროცესს.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ბერნემმა აღნიშნა, რომ რუსული უწყებები იყენებენ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, მათ შორის ბოტებსა და ყალბ ვებგვერდებს, სიცრუისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
“ბოლო წლებში ვხედავთ მტრულად განწყობილი ძალების მხრიდან მასშტაბურ შეტევას გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი მრავალი მოკავშირის საინფორმაციო სივრცეზე. რუსული უწყებები იყენებდნენ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას სიცრუისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ადამიანთა შიშით მანიპულირებისთვის, იყენებდნენ ბოტებსა და ყალბ ვებგვერდებს, ავრცელებდნენ გაყალბებულ საგაზეთო სტატიებს, გააყალბეს 28 ბრიტანული ორგანიზაციის, მათ შორის უნივერსიტეტებისა და BBC-ის, სიმბოლოები. აძლიერებდნენ ულტრამემარჯვენე ნარატივებს. გვაქვს მტკიცებულებები, რომ ისინი ცდილობდნენ ჩარეულიყვნენ 2019 წლის საყოველთაო არჩევნებში. აზრი იმის შესახებ, რომ ვინმე მსგავს რამეებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, უბრალოდ ამაზრზენია - თუმცა სწორედ ამას აკეთებენ ისინი”, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა.
მისი თქმით, კრემლი ყოველწლიურად მილიარდზე მეტს ხარჯავს ინფორმაციით მანიპულირებაზე.
“კრემლი ყოველწლიურად დაახლოებით 1,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ხარჯავს ინფორმაციით მანიპულირებაზე”, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
მისი თქმით, საუბარია ვერაგ კამპანიაზე, რომელიც ადამიანთა სახლებამდე აღწევს და ამახინჯებს მათ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნისა და თემის მიმართ - აღვივებს განხეთქილებასა და თესავს სასოწარკვეთას.
“ამასთანავე, ვიხილეთ ჩვენს კომპანიებსა და დაწესებულებებზე განხორციელებული კიბერშეტევები და ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტი ამ საფრთხეს გააძლიერებს”, - აღნიშნა ენდი ბერნემმა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დასაპირისპირებლად შეიქმნება ინფორმაციული თავდაცვის ახალი ეროვნული ცენტრი, რომლის მიზანიც მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მიერ ხელოვნური ინტელექტით ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანიების გამოვლენა და ჩაშლა იქნება.
ბერნემის ინფორმაციით, ცენტრი იმუშავებს სადაზვერვო უწყებებთან, სამთავრობო დეპარტამენტებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან და სოციალურ მედიასთან ერთად, რათა გააერთიანონ გამოცდილება „ინფორმაციული ომის“ წინააღმდეგ საბრძოლველად.
ამასან, ბერმენმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინასა და უკრაინელ ხალხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ავლენენ ისეთი მასშტაბის სიმტკიცესა და სიმამაცეს, რაც მთელი მსოფლიოსთვის შთაგონების წყაროა.
“ვმუშაობთ იმაზე, რომ დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი ცისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაში. სათავეში ვუდგავართ ძალისხმევას, რათა რუსეთს გავუზარდოთ ფასი ამ უაზრო და უკანონო ომის გაგრძელებისთვის. გრემის კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირას მოაწერა ხელი, ამ საქმეში უდიდეს როლს შეასრულებს. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ უკრაინას იმ თბო- და ელექტროსადგურების აღდგენასა და დაცვაში, რომლებზეც კიევი ამ ზამთარს იქნება დამოკიდებული. სწორია, რომ ამგვარ მხარდაჭერას ვუწევთ. თუმცა, რუსეთს პასუხი უნდა მოვთხოვოთ - როგორც ახლა, ისე ყოველთვის. ამ დარბაზში მყოფმა ყველამ იცის, რომ საერთაშორისო სამართალი კატეგორიულად კრძალავს დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ, გაეროში, ვაცხადებთ დაფინანსებას იმ ომის დანაშაულების შედეგების შესამსუბუქებლად, რომელთა ჩადენასაც - კვლავ და კვლავ - უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრისგან მოველით. ეს უნდა დასრულდეს”, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
მისი თქმით, რუსეთს შეუძლია ხვალვე დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს.
“რუსეთს შეუძლია, ხვალვე სხვა გზა აირჩიოს: დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. მოვუწოდებ მათ, ასეც მოიქცნენ. თუმცა, ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით - უფრო მტკიცედ, ვიდრე ოდესმე, და იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. საქმე ეხება გაეროს წესდებისა და კანონის უზენაესობის დაცვას”, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.