“ტვ პირველის“ მფლობელმა, ვატო წერეთელმა, არხის ახალი დირექტორი და საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრები წარადგინა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „TV პირველის“ ახალი დირექტორი „ლელო- ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე იქნება.
“TV პირველის” მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა. მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა - ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედია სტანდარტის დანერგვის დრო.
ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, შეიქმნა “TV პირველის” საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ. საბჭო აერთიანებს მედიის, კულტურისა და საზოგადოებრივი სფეროს ავტორიტეტულ წარმომადგენლებს: ირაკლი მელაშვილს, დოდო შონავას, გიორგი მშვენიერაძეს, გია ხუხაშვილს, დავით ძიძიშვილს, ირაკლი აფაქიძეს, ზაალ უდუმაშვილს, ინგა გრიგოლიას და თამარ ჯინჭარაძეს. ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ “TV პირველში” ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პროცესებში.
პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი, ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და “TV პირველის” განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია“,- წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობას ამ დრომდე თავად ვატო წერეთელი იკავებდა. რაც შეეხება ლევან ჯორბენაძეს, ის „ლელო- ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი იყო, რა თანამდებობას ერთი თვის წინ დატოვა.