ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულ დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის წევრს, ალექსანდრე ჩაფოძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
პროკურორმა დავით დევიძემ განაცხადა, რომ გამოძიებას ერთი წელი დასჭირდა, რადგან მიმდინარეობდა ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები და აღნიშნულ საქმეში არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ არის.
„საქმეზე დანიშნული იყო სამედიცინო ექსპერტიზა, არანაირი პოლიტიკური ინტერესი ამ საქმეში არ არის. კამერები სრულად არ გვქონია. დაინიშნა ექსპერტიზები, ექსპერტიზების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება, მივიღეთ სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი და დადგინდა, რომ განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს. ასევე სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 21 სექტემბერს დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები ჩაიდინა დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ, რის შემდეგად დაუყოვნებლივ დავაკავეთ“, - განაცხადა პროკურორმა.
ინფორმაციისთვის, პროკურატურა დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის წევრს, ალექსანდრე ჩაფოძეს, ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება. ფეიქრიშვილსა და ჩაფოძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით წარუდგინეს.