თაზო დათუნაშვილი - „ძლიერ საქართველოში“ გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკა ვაკეთოთ იქამდე, ვიდრე პირში სული გვიდგას, წავა სიგიჟეზე და აკრძალავს პარტიებს? სხვანაირად მოვიქცევით, გეგმა არსებობს, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ იქნება სწორი - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - „ძლიერ საქართველოში“ გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკა ვაკეთოთ იქამდე, ვიდრე პირში სული გვიდგას, წავა სიგიჟეზე და აკრძალავს პარტიებს? სხვანაირად მოვიქცევით, გეგმა არსებობს, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ იქნება სწორი

2026-09-23 22:30:20+04:00

ჩემთვის მთავარი არ არის, ხვალ რა მოხდება, ივანიშვილი საბოლოოდ გაგიჟდება თუ არა, საბოლოოდ გადაწყვეტს ამ აბსოლუტურ სიგიჟეს თუ არა, თუმცა ვითარების შესაბამისი გეგმებიც გვაქვს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, როგორ უყურებს „გასაუქმებლად გამზადებულ პარტიას“ ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც მის დაპირებას ისმენს, დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ მოქალაქეებისთვის პარტიების გაუქმება მთავარი პრობლემა არ არის, რადგან, მისივე თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ გვერდით იბრძოდნენ.

„აღარ მიდის საქმე იქამდე, რომ ჩვენ მოქალაქეებს ჩვენი მხრიდან რაიმე პრობლემაზე ვესაუბროთ. წინა წლებისგან განსხვავებით, მოქალაქეები ჩვენთან მოსასმენად კი არ მოდიან, ახლა რეგიონებში რომ ჩავდივართ, ძირითადად აქეთ გვესაუბრებიან თვითონ და გვეუბნებიან, მაგალითად, რომ გზა გაფუჭებულია იმიტომ, რომ შარშან კორუფციის გამო არასწორად დააგეს და მაგალითად, აგერ რაღაც პრობლემაა დმანისში იმიტომ, რომ ერთი კლანია და ა.შ.

როდესაც რეგიონებში ჩავდივართ, იქ ადამიანებისთვის ეს [პარტიის გაუქმების საკითხი] არ არის ნომერ პირველი პრობლემა. ის ადამიანები ჩვენში იმას აფასებენ, რომ ჩვენ ვიბრძვით, რომ ახლა და აქ ვართ მათ გვერდით და მათთვის ვიბრძვით. ამ ხალხის გათვლა იმაზე არ არის, ხვალ რომ აგვკრძალავენ, რას ვიზამთ და ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულებაც ეს არის. ჩემთვის მთავარი არ არის, ხვალ რა მოხდება, ივანიშვილი საბოლოოდ გაგიჟდება თუ არა, საბოლოოდ გადაწყვეტს ამ აბსოლუტურ სიგიჟეს თუ არა, ეს ჩემს ხელში არ არის. თუმცა ამაზე გეგმები არსებობს. „ძლიერ საქართველოში“ გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკა ვაკეთოთ იქამდე, ვიდრე პირში სული გვიდგას და ამის საშუალება გვექნება. წავა სიგიჟეზე და აკრძალავს პარტიებს? მაშინ სხვანაირად მოვიქცევით, თუმცა ამ გეგმებზე ლაპარაკი არ იქნება სწორი“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მომავალ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, რადგან, დათუნაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება” ჩამოშლის პირასაა და ეს ყველა ფეხის ნაბიჯზე მკაფიოდ ჩანს.

„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები იქნება, რომელშიც ოპოზიცია გაიმარჯვებს. შემდეგი არჩევნები იქნება არჩევნები, რომელშიც ოპოზიცია გაიმარჯვებს ივანიშვილის წინააღმდეგ. ამაში იმიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს ყოველდღიურად ვადევნებ თვალს, როგორც საჯაროს, ისე არასაჯაროს. ძალიან ნათლად ჩანს და უკვე წითელ ხაზად მიჰყვება მათი [“ქართული ოცნების”] ჩამოშლის პროცესი და ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ - იმ დაპირისპირებაში, რომელსაც ერთი პრემიერ-მინისტრი მეორე პრემიერ-მინისტრთან აწარმოებს, კრიმინალთან გადაკვანძულობაში, კანონების მთელ დასტაში, რომელიც სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაზეა, გიჟური ბიზნესებისა და ტერიტორიების ხელში ჩაგდების პროცესში. ყველა სიმპტომით ისინი დღეს ისეთი სუსტები არიან, როგორებიც არასდროს ყოფილან”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.