სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ. კომისიის წევრებმა განიხილეს იმ სკოლების საკითხი, რომელთა შენობების მდგომარეობის შესახებ დასკვნები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე. 21-ე სკოლასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნის დამაზუსტებელი შეფასების მიხედვით, შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში. სასწავლო პროცესის გაგრძელების პარალელურად, სკოლაში განხორციელდება არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში დაიწყებენ აღნიშნულ სამუშაოებს, რომლებიც ექსპერტების ზედამხედველობით განხორციელდება.