„ნაციონალური მოძრაობა“ 1-ელ ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას აანონსებს - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობა“ 1-ელ ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას აანონსებს

2026-09-24 13:17:59+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს მდივანმა ირაკლი ფავლენიშვილმა, 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია დააანონსა.

ირაკლი ფავლენიშვილი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც „მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ივანიშვილის რეჟიმთან გააზრებული აქვს” მოუწოდებს, ე.წ. რიყის დოქებთან შეიკრიბოს.

„დღეს გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ეპოქალური ცვლილებების ავტორი, პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში და ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ არის დაჭერილი. დღეს უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის 9 წელი იყო აღმშენებლობის და ახლა არის ნგრევის 14 წელი. ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ვისაც გააზრებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ცხრა წელი; ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ოჯახებისათვის ძლიერი საქართველოს რწმენის დაბრუნება. ვისაც ეს გააზრებული აქვს, ვისაც მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან გააზრებული აქვს, ყველას მოვუწოდებ, 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ე.წ. რიყის დოქების იმ შენობასთან, რომლებიც ისევე გააპარტახეს და გაანადგურეს, როგორც ჩვენი ქვეყანა”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.