აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. კერძოდ, წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ივლისში პროგნოზირებული 5.5%-იდან 6.3%-მდე გაიზარდა. თუმცა, ამ ეტაპზე მომავალი წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 5.2%-მდე არის შემცირებული. რაც შეეხება ინფლაციას, ADB საქართველოში საპირისპირო ტენდენციას აფიქსირებს. კერძოდ, გასული წლის 3.9%-იან დონესთან შედარებით, წელს ინფლაცია ივლისში 4.9%-მდე იყო გაზრდილი, ამჯერად კი 5.2%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. უკვე 2027 წლისთვის ADB საქართველოში ინფლაციის 3.3%-მდე დასტაბილურებას ელოდება. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველო რეგიონში, მეზობელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდით ლიდერობს. კერძოდ, ADB-ის პროგნოზით, წელს სომხეთის მშპ-ის ზრდა 5%-ზე შენარჩუნდა, ხოლო აზერბაიჯანის მხოლოდ 1.6%-იქნება. თურქეთის ეკონომიკური ზრდა კი 2.8%-ის ფარგლებშია ნავარაუდევი, რაც წინა პროგნოზთან შედარებით გაუარესებული მაჩვენებელია. აზიის განვითარების ბანკი წერს, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში, გარე შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადი დარჩა. კერძოდ, ზრდა ძლიერი იყო და 7.9% შეადგინა, თუმცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 8.3% იყო. მიწოდების მხრივ, პირველი კვარტლის მონაცემებით, ზრდის ლიდერი მომსახურებაა, რომელიც 13.9%-ით გაიზარდა, სადაც თავის მხრივ ყველაზე მაღალ 36%-იან ზრდას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მომსახურება აფიქსირებს. ბანკის შეფასებით, წლის პირველ ნახევარში საქართველოში ინფლაციური ზეწოლა, ძირითადად, გარე ფასების შოკების გამო გაძლიერდა. საშუალო ინფლაცია, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული 3.1%-დან 5.2%-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით მეტია. ხოლო ინფლაციის ზრდის მთავარი მამოძრავებელი, ენერგოპროდუქტებისა და სურსათის ფასები იყო.