მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში 3 388 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის აგვისტოსთან შედარებით თითქმის 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Colliers-ის კვლევის თანახმად, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 16%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 16.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე ძვირადღირებული რაიონი თბილისში ისევ ვაკეა, სადაც ახალი პროექტების საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულ მეტრზე 2 660 დოლარია. ვაკეში ფასების წლიური ზრდა 5.8%-ია, ხოლო მთაწმინდაზე, წინა წელთან შედარებით ფასები შემცირებულია 1.6%-ით. ამავე კვლევიდან ვიგებთ, რომ საბურთალოს რაიონი მიმწოდებლების ბაზარზე ლიდერობს აქტიური მშენებლობების დაახლოებით 23%-ით. მას დიდი დიღომი და სამგორი მოსდევს, რომლებსაც მშენებარე პროექტების 19% და 18% უჭირავთ. Colliers-ის შეფასებით, 2025 წელს ქალაქის საბინაო ბაზარს, 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ზრდა ჰქონდა, ხოლო ახალი მშენებლობების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირდა, რაც დიდწილად საკრედიტო ბაზარზე პირობების გამკაცრებას და ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობის შემცირებას უკავშირდება./////