ევროკავშირის წარმომადგენლობა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზით ფესტივალ „კამარას“ გადადებას, სადაც მუსიკოს „კორძის“ გამოსვლაც იყო დაგეგმილი, განცხადებით ეხმაურება - Palitra News

ევროკავშირის წარმომადგენლობა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზით ფესტივალ „კამარას“ გადადებას, სადაც მუსიკოს „კორძის“ გამოსვლაც იყო დაგეგმილი, განცხადებით ეხმაურება

2026-09-24 13:59:20+04:00

სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „კრეატიული კომპასი საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, რითაც ეხმაურება დანიის კულტურის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ფესტივალის გადადებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა.

„30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში – ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს.

ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დანიის კულტურის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო.

ამასთან, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი იყო მუსიკოს „კორძის“ (ალექსანდრე კორძაია) გამოსვლაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ კონცერტი მუქარების გამო სერიოზული საფრთხის წინაშე იყო, ამიტომ იძულებული გახდა ის გაეუქმებინა.

„მეგობრებო, იცით, რომ გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი ჩემი კონცერტი სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო.

მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს.

საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან.

ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!“- განაცხადა მუსიკოსმა.