ადვოკატი არ გამოირიცხავს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს - Palitra News

ადვოკატი არ გამოირიცხავს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს

2026-09-24 16:15:45+04:00

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, შესაძლოა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, შესაძლოა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა შეწყალების თხოვნით ყაველაშვილს 6 თვის შემდეგ მიმართოს.

„არაფერს არ გამოვრიცხავთ და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება ალბათ. არ გამოვრიცხავ რომ (მიხეილ ყაველაშვილს) მიმართავს. არა ჯერ ადმინისტრაციას არ გვაქვს კომუნიკაცია. ჯერ არ შეიტანს ასე მგონია. ერთი წელი გავიდა და 6 თვეც გავიდეს და ალბათ შემდეგ. კანონი არ უკრძალავს და ვნახოთ. ბიჭების გათავისუფლება უხარია. ბატონი ჯუანშერი ძალიან დადებითი ადამიანია. იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული", - ამბობს ხათუნა ხურცილავა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოში კი ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი მათი მიერ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცეს. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების მიხედვით, მან ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი ქრთამის სახით ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.

ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.