ეკა გიგაური - პარტნიორებისგან გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა საქართველოში რუსული ოლიგარქიული მმართველობის მიმართ: პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, მიზნობრივი სანქციები - ნუ დატოვებთ მოქალაქეებს მარტო რეჟიმის წინააღმდეგ - Palitra News

ეკა გიგაური - პარტნიორებისგან გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა საქართველოში რუსული ოლიგარქიული მმართველობის მიმართ: პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, მიზნობრივი სანქციები - ნუ დატოვებთ მოქალაქეებს მარტო რეჟიმის წინააღმდეგ

2026-09-24 18:18:14+04:00

დღეს საქართველოში ასეთი სისტემა მოქმედებს: ერთი არაფორმალური ძალაუფლების ცენტრი აკონტროლებს მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს, პროკურატურას, უსაფრთხოების სამსახურებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეკონომიკური რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს , - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მიმდინარე დისკუსიაზე: „დემოკრატიის ხელყოფა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“ და „კულტურა, როგორც წინააღმდეგობის საშუალება“ განაცხადა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, სისტემის მეთოდებია: ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვება, ხმების ყიდვა, საჯარო მოხელეების მობილიზება და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

თავის გამოსვლაში ეკა გიგაურმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ "როგორ გადაიქცა კორუფცია საქართველოში მმართველობის სისტემად".

„დღეს მინდა ვისაუბრო არა მხოლოდ ცალკეულ კორუფციულ დანაშაულებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გადაიქცა კორუფცია საქართველოში მმართველობის სისტემად და რა აქვს მას საერთო რუსულ მმართველობის სისტემასთან. როგორ ეხმარება საქართველოში გაბატონებული კორუფცია რუსეთის ინტერესების გატარებას და ჩვენი სახელმწიფოს მოშლას.

ჯერ კიდევ 2020 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ქვეყანაში კორუფციამ სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო. ეს არის კორუფციული მმართველობის უმძიმესი ფორმა, როდესაც გავლენიანი პირები პოლიტიკას, კანონებსა და ეკონომიკურ წესებს საკუთარი კერძო ინტერესების შესაბამისად აყალიბებენ, ხოლო საჯარო ინსტიტუტები საზოგადოებას კი არა, ამ კერძო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიან.

ასეთი მმართველობის სისტემით მმართველ ელიტას უმარტივდება ძალაუფლების შენარჩუნება. შეიძლება ფორმალურად ჩატარდეს არჩევნები და ფორმალურად არსებობდეს ინსტიტუტები, მაგრამ ეს ყველაფერი ბუტაფორიის სახეს იღებს. ამავე სისტემით მარტივია პროპაგანდის წარმოება, საკუთარი მოსახლეობის ტყუილში დაჯერება და ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაც, რასაც დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში ვხედავთ.

დღეს საქართველოში სწორედ ასეთი სისტემა მოქმედებს: ერთი არაფორმალური ძალაუფლების ცენტრი აკონტროლებს მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს, პროკურატურას, უსაფრთხოების სამსახურებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეკონომიკური რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს. საქართველოში პრაქტიკულად არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს „ქართული ოცნებისა“ და მისი დამფუძნებლის ნება-სურვილს.

ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება საჯარო თანამდებობა, რათა სახელმწიფოზე გავლენა ჰქონდეს. მისი ძალაუფლება ეფუძნება ერთგული ადამიანების დანიშვნას, სახელმწიფოსა და ხალხის ფინანსური რესურსებისა და ქონების განაწილებას, კორუფციით გამდიდრებულ და სხვა დანაშაულებში ჩართულ ჩინოვნიკებს, ადამიანების დაშინებით კონტროლსა და მისი გარემოცვის დაუსჯელობას.

შედეგად, საქართველოში ინსტიტუტები ფორმალურად არსებობს, მაგრამ მათ დაკარგული აქვთ კონსტიტუციური ფუნქცია: პარლამენტი აღარ აკონტროლებს მთავრობას; სასამართლო აღარ იცავს ადამიანს პოლიტიკური ძალადობისგან; პროკურატურა აღარ იძიებს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ შესაძლო დანაშაულებსა და კორუფციას; უსაფრთხოების სამსახური კი გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ”, - აღნიშნა გიგაურმა.

ეკა გიგაურმა თავის გამოსვლაში ისაუბრა სასამართლო სისტემაზე და განაცხადა, რომ „მიტაცებულია საკონსტიტუციო სასამართლოც“.

„ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს უნდა იცავდეს. ამჟამად იქ განიხილება მმართველი პარტიის მოთხოვნა რამდენიმე მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების გაუქმების შესახებ. თუ ეს პარტიები აიკრძალება, მათთან დაკავშირებულ პირებსაც აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა კონსტიტუციის დასაცავად, არამედ ერთპარტიული მმართველობის დასაკანონებლად”,- აღნისნა გიგაურმა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა გაამახვილა ყურადღება მისი ორგანიზაციის მიერ კორუფციის შემთხვევების გამოვლენაზე.

„ჩვენს კვლევებში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აღრიცხულია ელიტური კორუფციის 300-ზე მეტი შემთხვევა, რომლებშიც ფიგურირებდნენ მაღალი თანამდებობის პირები. ამ საქმეების უმეტესობაზე ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა. მდიდრდებიან ერთეულები, ხალხი კი წლების განმავლობაში ღარიბი რჩება.

სახელმწიფო ქონება, ბიუჯეტი და საჯარო შესყიდვები პოლიტიკური ერთგულების დასაჯილდოებლად გამოიყენება. ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები იღებენ კონტრაქტებს, წვდომას რესურსებსა და სახელმწიფო ქონებაზე, შემდეგ კი ეს ბიზნესმენები ან მათთან დაკავშირებული პირები თანხებს მმართველ პარტიას სწირავენ. ამ გზით მოქალაქეების ფული მმართველი ელიტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალაუფლებად გარდაიქმნება. შედეგად, მმართველ პარტიას მთლიან ოპოზიციასთან შედარებით დაახლოებით სამჯერ, ზოგჯერ კი ოთხჯერ და ხუთჯერ მეტი ფინანსური რესურსი აქვს.აღნიშნულ კორუფციულ სქემებზე სახელმწიფო ინსტიტუტები არ რეაგირებენ.

ეს უკვე აღარ არის მხოლოდ კორუფცია - ეს არის სახელმწიფო რესურსების გამოყენება მმართველი პარტიის პოლიტიკური და ფინანსური მონოპოლიის შესანარჩუნებლად. ამ ყველაფერს კლასიკური კლეპტოკრატიის ფორმა აქვს.

ამ სისტემის საყრდენი არის მიტაცებული მართლმსაჯულება. პროკურატურა და სასამართლო კოორდინირებულად მოქმედებენ მაშინ, როდესაც სამიზნე ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი, ჟურნალისტი, აქტივისტი ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელია. შეგიძლია აწამო აქციის მონაწილე, მტკიცებულებების გარეშე უზარმაზარი ჯარიმა დააკისრო მას, ციხეში გაუშვა კრიტიკული გამონათქვამისთვის, ქიმიური ნივთიერება გამოიყენო მის წინააღმდეგ, მაგრამ ამისთვის შენ, როგორც მაღალჩინოსანი, არ დაისჯები. რა სისტემას გაგონებთ ეს? ალბათ რუსეთის!“, - დასძინა მან.

ეგა გიგაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში სწორედ მიტაცებული ინსიტუტების და მათლმსაჯულების შედეგია ის, რომ გვყავს პოლიტპატიმრები.

„მიტაცებული ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების შედეგია, რომ საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ინდივიდუალურად შეისწავლა აქციებთან კავშირში დაკავებულთა საქმეები და 91 ადამიანი ევროსაბჭოს კრიტერიუმების შესაბამისად პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნია. მათ შორის არიან ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, პოლიტიკოსი და ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია, ასევე მსახიობები, ექიმები, სტუდენტები, ბიზნესმენები და სხვა მოქალაქეები. ესენი არიან საქართველოს პატრიოტები, წესიარი და კანონმორჩილი მოქალქეები. მათი ერტდერთი დანაშაული საქართველოს სიყვარულია” - აღნიშნა გიგაურმა.

გიგაურის თქმით, მიტაცებულია საარჩევნო ადმინისტრაციაც. ფორმალურად არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ატარებს, მაგრამ პრაქტიკაში პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარშემო ჩამოყალიბებული არაფორმალური ქსელი მართავს. ამ სისტემის მეთოდებია ამომრჩევლებზე

„ზეწოლა და დაშინება, პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვება, ხმების ყიდვა, საჯარო მოხელეების მობილიზება და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

სახელმწიფოს მიტაცება შეუძლებელია კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობის გარეშე. კრიტიკულ მედიას ფინანსურად ახრჩობენ, აჯარიმებენ და ლიცენზიის დაკარგვით ემუქრებიან. ე.წ. „რუსული კანონების“ მიღებას კი სამოქალაქო სექტორზე უპრეცედენტო ზეწოლა მოჰყვა - ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვა, პერსონალური მონაცემების ამოღება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხე.

ჩემი პროფესიული საქმიანობაც ორ გამოძიებაში მოაქციეს. ფორმალურად მე მოწმის სტატუსი მაქვს, მაგრამ საქართველოში კარგად ვიცით, რამდენად სწრაფად შეიძლება მოწმე ბრალდებულად გადაიქცეს. ხელისუფლების მიერ მიღებული კანონებისა და მრავალმხრივი ზეწოლის გამო იძულებული გავხდით, საქართველოში დაგვეხურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხუთივე ოფისი. დაიხურა ორგანიზაციის ფიზიკური სივრცეები, მაგრამ არ შეწყვეტილა ჩვენი საქმიანობა და ჩვენი ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

საქართველოში უკვე გვყავს ასობით დასანქცირებული ან სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვების ქვეშ მყოფი ხელისუფლების წარმომადგენელი და მასთან დაკავშირებული პირი. მათ შორის არიან მინისტრები, პარლამენტარები, მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნები. აშშ-ის მიერ დასანქცირებულია თავად ბიძინა ივანიშვილიც - საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ინტერესების გატარების გამო.

ასევე ორი მთავარი პროსახელისუფლებო ტელევიზია — „იმედი“ და POSTV — გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან დაკავშირებული მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ეს აჩვენებს, რომ მათი პროპაგანდა მხოლოდ შიდა პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტი არ არის - ის რუსეთის საინფორმაციო და სტრატეგიულ ინტერესებსაც ემსახურება.

რატომ ვუწოდებ ამას რუსულ მმართველობის მოდელს?

იმიტომ, რომ ამ მოდელის საფუძველია ოლიგარქის არაფორმალური ძალაუფლება, დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმება, სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, კრიტიკული მედიის განადგურება, სამოქალაქო საზოგადოების

„უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადება, დასავლეთის მტრად წარმოჩენა და კორუფციისა და პოლიტიკური ლოიალობის ერთ სისტემად გაერთიანება.

ეს არის სტრატეგიული კორუფცია — როდესაც კორუფცია მხოლოდ გამდიდრების საშუალება აღარ არის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესაცვლელად გამოიყენება.

არ არის აუცილებელი, თითოეული გადაწყვეტილება მოსკოვიდან მიღებული წერილობითი ბრძანების შედეგი იყოს. საკმარისია, რომ მმართველობის მთელი მოდელი საქართველოს ასუსტებდეს, ანადგურებდეს მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აშორებდეს ევროკავშირს და ზრდიდეს მის დამოკიდებულებას რუსეთზე. სწორედ ეს არის კრემლის სტრატეგიული ინტერესი.

ამიტომ საქართველოში მიმდინარე ბრძოლა არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. ეს არის ბრძოლა ევროპულ დემოკრატიასა და რუსულ ავტორიტარულ მოდელს შორის. მიუხედავად უპრეცედენტო ზეწოლისა, ქართველი ხალხი ძალიან მყარად დგას თავის ბრძოლაში. მათ აღარ აქვთ არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის იმედი, მაგრამ ის უპრეცედენტო სოლიდარობა და აქტიურობა, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში ვაჩვენეთ, უშედეგოდ არ ჩაივლის, დარწმუნებული ვარ.

გამოსავალს პირველ რიგში ქართველი ხალხის ბრძოლის გაგრძელებაში ვხედავ. ჩვენ არ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას სხვას. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სამშობლოსთვის. თუმცა ეს, ამავე დროს, არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და დემოკრატიისთვის და ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან ძალების გაერთიანება სჭირდება.

ამიტომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა საქართველოში მოქმედი რუსული ოლიგარქიული მმართველობის მიმართ: პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნა; მიზნობრივი სანქციები სახელმწიფოს მიტაცების, ძალადობისა და პოლიტიკური დევნის ორგანიზატორებისა და მათი ფინანსური ქსელების წინააღმდეგ; და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დაკავშირება მკაფიო და გაზომვად დემოკრატიულ პირობებთან.

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ ევროპული არჩევანი გააკეთა. ადამიანები დაპატიმრების, ძალადობისა და სამსახურის დაკარგვის რისკის მიუხედავად კვლავ იცავენ ამ არჩევანს.

ჩვენი თხოვნა მარტივია: ნუ დატოვებთ საქართველოს მოქალაქეებს მარტო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფოს მიტაცებას, კორუფციასა და რეპრესიას რუსეთის სტრატეგიული მიზნების სამსახურში აყენებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას. ჩვენ გვჯერა, რომ ძალა ერთობაშია”, - განაცხადა ეკა გიგაურმა.