21-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი სამინისტროში შეხვედრის შემდეგ - საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, ორივე მხარემ გავაჟღერეთ პოზიციები - Palitra News

21-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი სამინისტროში შეხვედრის შემდეგ - საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, ორივე მხარემ გავაჟღერეთ პოზიციები

2026-09-24 19:03:42+04:00

განათლების სამინისტროში უწყების წარმომადგენლებისა და თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პედაგოგებმა და მშობლებმა მედიასთან განაცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ისინი სკოლაში მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად წავლენ და შენობას დაათვალიერებენ.

“ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სკოლის ფუნდამენტური კვლევა ჩატარდეს, ზუსტად დადგინდეს, არის თუ არა სკოლის შენობის დანგრევის საჭიროება, საკმარისი იქნება თუ არა, რომ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდეს და გამაგრდეს გარკვეული ადგილები.

ამ ყველაფერს მთელი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და წლის ბოლოს იქნება პასუხები. ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბავშვები შევიდნენ შენობაში და დაიწყოს სწავლის პროცესი”, - განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, პედაგოგებისა და მშობლების მოთხოვნაა, ჩატარდეს სიღრმისეული ექსპერტიზა, რომლის საბოლოო პასუხის გარეშე ისინი სკოლის შენობასთან დაკავშირებით მიღებულ არანაირ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან.

“ჯერ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, საბოლოოდ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ორივე მხარემ გავაჟღერეთ პოზიციები და შევჯერდით იმაზე, რომ ექსპერტიზის ბიუროს დამატებით რა კითხვებიც გაეგზავნა და რა პასუხებიც მოვიდა, იმ უპასუხებზე დაყრდნობით შესაძლებელია, რომ სკოლაში გავაგრძელოთ სწავლა, ამისთვის კი მინიმალური სამუშაოები არის ჩასატარებელი სკოლის ფასადზე. ახლა მიდიან, რომ დაათვალიერონ ეს ფასადი და, შესაბამისად, უმოკლეს დროში შესაძლებელია, რომ სამუშაოების ჩატარების შემდეგ სწავლა გაგრძელდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც არის, ჩვენი მოთხოვნა, რომელიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ, ეს არის სიღრმისეული ექსპერტიზის ჩატარება, რომლის საფუძველზეც შემდეგ უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელის სკოლას, იქნება ეს რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია თუ დემონტაჟი. ამ ექსპერტიზის გარეშე ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას ვერ დავთანხმდებით”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.

ცნობისთვის, დღეს განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება. მათივე ცნობით, ზაფხულიდან სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.