გრიგოლ გეგელია - ევროკავშირის ელჩზე, რომელიც პატივს გვცემს, ქართულად საუბარს ცდილობს, პაპუაშვილი ამბობს, „დამტვრეული ქართულით საუბრობსო“, ეს ხომ არც კაცობაში წერია, არც ადამიანობაში? - ვერ გადაუტანია, რომ დემოკრატიული სამყარო პროტესტის მხარეს დგას - Palitra News

გრიგოლ გეგელია - ევროკავშირის ელჩზე, რომელიც პატივს გვცემს, ქართულად საუბარს ცდილობს, პაპუაშვილი ამბობს, „დამტვრეული ქართულით საუბრობსო“, ეს ხომ არც კაცობაში წერია, არც ადამიანობაში? - ვერ გადაუტანია, რომ დემოკრატიული სამყარო პროტესტის მხარეს დგას

2026-09-24 21:34:07+04:00

ადამიანზე, რომელიც წლებია, უზომოდ დიდ პატივს გვცემს, ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ქომაგია, ქართულად საუბარს ცდილობს და ცდილობს, რომ ევროპული კავშირის კარგი წარმომადგენელი იყოს, შალვა პაპუაშვილი ამბობს, „დამტვრეული ქართულით საუბრობსო“. ეს ხომ არც კაცობაში წერია, არც მოქალაქეობაში, არც ადამიანობაში. ასეთია “ქოცის” ანატომია , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებას ქვეყანაში კორუფციისა და სოციალური კატასტროფის ფონზე, ევროკავშირთან ურთიერთობის „ქოცური ფასით“ ნორმალიზება სურს, რასაც დემოკრატიული სამყარო არ დაუშვებს.

კითხვაზე, რატომ არ პასუხობს ჰერჩინსკი “ქართული ოცნების” კითხვებს და რატომ აქვს იმ ადამიანების შესახებ დროული გამოხმაურებები, რომლებიც პროტესტში არიან ჩართული, გეგელიამ უპასუხა, რომ “პაპუაშვილს ვერ გადაუტანია ის, რომ დემოკრატიული სამყარო ქართული პროტესტის მხარეს დგას”.

“მთელი მსოფლიო ძალიან ღიად უჭერს მხარს ქართულ, დემოკრატიულ პროტესტს, პაპუაშვილს კი ეს ვერ გადაუტანია, რომ “ქოცები” “ქოცურ” ფასად არ უნდათ ევროკავშირში. რეჟიმს “ქოცურ” ფასად უნდა დალაგება და ნორმალიზება, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა იყვნენ კორუმპირებულები, ვიდრე ბავშვი შიმშილობს, ვიდრე მოხუცს არ აქვს ადეკვატური პენსია, ვიდრე სკოლები არ იხსნება, ბაგა-ბაღებში კი დაწამლეს ბავშვები, ვიდრე არის სრული განუკითხაობა ჩვენს განათლების სისტემაში, სრული დემოგრაფიული კატასტროფა, ვიდრე 286 სოფელი დგას განადგურების რისკის წინაშე, იცლება სოფლები, ორასი სოფელი კი უკვე გამქრალია. ვიდრე ასეთი რაღაცები ხდება, პაპუაშვილსა და მისნაირებს უნდათ, რომ ტომრებით ჩაიდონ ქართველების ფული ჯიბეში, კომოდებში კი მილიონები და ოქროს ზოდები ედოთ. ევროკავშირი არ არის მათ ინტერესებში, გარდა ერთი შემთხვევისა - თუ ევროკავშირი და ჰერჩინსკი არ ეტყვის, რომ იყვნენ კორუმპირებულები, არ დაიცვან კანონის უზენაესობა, არ მიჰყვნენ კონსტიტუციას, არც მიჰყვნენ ქართველების მიერ არჩეულ არცერთ პრინციპს და ესენი მაინც მიიღებენ ევროკავშირში. ამას ვერ იღებენ და მერე უკვირთ, რატომ არის ევროკავშირი ქართველების პროტესტის მხარეს. იმიტომ ხომ არა, რომ იგივე პაპუაშვილი წლებია, ამ ხალხს [ევროკავშირის წარმომადგენლებს] ლანძღავს?” - განაცხადა გეგელიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ასევე,გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც პროტესტში ჩართულ ადამიანებს აგრესიული სექტა უწოდა.

“მათ [“ქართული ოცნების” წარმომადგენლებს] ძალიან დიდი დანაშაული აქვთ ამ ხალხის წინაშე. შეუძლებელია, რომ 14 000 ლარი გქონდეს ხელფასი და კიდევ 1 200 ლარი დაიმატო, შეუძლებელია, ამ ქვეყანაში ბავშვები შიმშილობდნენ და შენ 9 მილიონი და ოქროს ზოდები გედოს სახლში და ახლა იწყებენ კორუფციაზე საუბარს, როდესაც 14 წელია, ქვეყანას მართავენ. პრივილეგიებით გაპოხილი ადამიანების ბოგინი უნდა დამთავრდეს!

პროტესტი არის ყველგან, ყველა ქუჩაზე, ყველა ქალაქსა და ყველა დაბაში და თუ პაპუაშვილს პროტესტი აკლია, ეს იმიტომ, რომ საკუთარი ჯიპიდან დიდი ხანია, ცხვირი აღარ გადმოუყვია. გადმობრძანდეს, გამოვიდეს ნებისმიერ ქუჩაზე და ნახავს, არის თუ არა პროტესტი ამ ქვეყანაში”, - აღნიშნა გეგელიამ.