საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო მზად არის, ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომელიც ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს ურთიერთპატივისცემისა და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე. კობახიძემ აღნიშნა, რომ ხანგრძლივი მშვიდობა ძალის გამოყენებით ვერ დამყარდება და ის დიალოგს, ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. პრემიერის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ხელისუფლება მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და აფხაზ და ოს საზოგადოებებთან საერთო მომავლის ხედვას უსვამს ხაზს. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ მიზნებზე და განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება იქნება. კობახიძის თქმით, საქართველოს გრძელვადიანი ამბიციაა, მომავალი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდაიქმნას.