სალომე სამადაშვილი - კობახიძის გამოსვლამ გაეროში ნათელი გახადა, რომ საქართველო ჩახსნილია ევროპული დღის წესრიგიდან, ეს იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა - ოკუპაციის ხსენება კი ზრდილობისთვის იყო, რათა ვინმეს ეთქვა: „ხომ ახსენა!“ - Palitra News

სალომე სამადაშვილი - კობახიძის გამოსვლამ გაეროში ნათელი გახადა, რომ საქართველო ჩახსნილია ევროპული დღის წესრიგიდან, ეს იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა - ოკუპაციის ხსენება კი ზრდილობისთვის იყო, რათა ვინმეს ეთქვა: „ხომ ახსენა!“

2026-09-25 19:58:30+04:00

კობახიძის გამოსვლამ გაეროში ძალიან ნათელი გახადა, რომ საქართველო ჩახსნილია ევროპული დღის წესრიგიდან , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლა შეაფასა.

სალომე სამადაშვილის თქმით, კობახიძის „გენერალური გზავნილი“ იყო ის, რომ არსებობს ტერიტორია, ამ ტერიტორიას აკონტროლებს ივანიშვილის რეჟიმი და ვინმეს თუ აქვს რაიმე ინტერესი, უნდა ელაპარაკოს ივანიშვილს.

„რამდენიმე გზავნილი იყო, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი. ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი ზრდილობისთვის ნათქვამი რუსეთის ოკუპაციის თემით. რამდენიმე საკითხს გამოვყოფ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო ამ ქვეყნის ევროპული მომავლის აბსოლუტური გაქრობა დღის წესრიგიდან. ისეთ სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, გაეროს ტრიბუნა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ხდება შენი იდენტობის გამოკვეთა, ვინ ხარ, რა გინდა, რა სტრატეგიული ამოცანები გაქვს. გამოსვლამ ძალიან ნათელი გახადა, რომ საქართველო ჩახსნილია ევროპული დღის წესრიგიდან. რომ ჩვენს ეროვნულ ამოცანას აღარ წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ძალიან ნათელი და ყურადსაღები გზავნილი.

ოკუპაცია არ არის სტატიკური მოვლენა, ჩვენ ვხედავთ, რომ მიდის არა მხოლოდ ოკუპაცია, არამედ მიდის ანექსიის პროცესი დაჩქარებული ტემპით. სულ უფრო იზრდება ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე, რომ აღიაროს ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი ან საერთაშორისო თანამეგობრობამ რა უნდა გააკეთოს, რა არის ჩვენი მოლოდინი. გაუგებარია, რა მიმართვა იყო, რას ველოდებით, ან საერთოდ რას ვითხოვთ. ამიტომ არანაირად არ ვატარებ ოკუპაციის ხსენებას პოზიტიურ დღის წესრიგში იმიტომ, რომ ეს იყო ზრდილობისთვის ნახსენები თემა იმისთვის, რომ ვინმეს ეთქვა, „ხომ ახსენა“. ეს იყო სრული სიცრუის მანქანა, რომელიც აამუშავა რეჟიმის წარმომადგენელმა გაეროს ტრიბუნიდან. გენერალური გზავნილი ამ გამოსვლის იყო ის, რომ არსებობს ტერიტორია, ამ ტერიტორიას აკონტროლებს ივანიშვილის რეჟიმი და ვინმეს თუ აქვს რაიმე ინტერესი, უნდა ელაპარაკოს ივანიშვილს. ეს იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.