გრიგოლ გეგელია - მხარს ვუჭერთ საპატრიარქოს დასმულ შეკითხვებს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ეფუძნებოდა, თანაბარ პატივისცემას ვერ ვხედავთ აზერბაიჯანის განცხადებაში - მეგობრობა ვერ იქნება ცალმხრივი - Palitra News

გრიგოლ გეგელია - მხარს ვუჭერთ საპატრიარქოს დასმულ შეკითხვებს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ეფუძნებოდა, თანაბარ პატივისცემას ვერ ვხედავთ აზერბაიჯანის განცხადებაში - მეგობრობა ვერ იქნება ცალმხრივი

2026-09-26 11:57:36+04:00

მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ მეგობრობა არ უნდა იყოს და ვერ იქნება ცალმხრივი. მეგობრობა და პარტნიორობა არ შეიძლება ნიშნავდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დასმულ კითხვებზე უარის თქმას და ჩვენთვის მიუღებელი ტონით საუბარს- რეჟიმის მიერ შექმნილ რეალობაში სულ უფრო გახშირდა დამამცირებელი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აზერბაიჯანის მიერ ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.

როგორც გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, სახეზეა კიდევ ერთი მაგალითი, რომ „ქართული ოცნების” რეჟიმი ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს ვერცერთი მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს ეხებოდა და სვამდა კითხვებს, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დასმული ლეგიტიმური კითხვების პასუხად, სამწუხაროდ, ოფიციალურმა ბაქომ გაავრცელა განცხადება, რომელიც არ ასახავს მეზობელ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის არსებულ პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების სულისკვეთებას.

„ლელო - ძლიერი საქართველო“ იზიარებს და მხარს უჭერს საპატრიარქოს მიერ დასმულ შეკითხვებს ისტორიულ ჰერეთში მდებარე ქურმუხის ტაძრის სამუშაოებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს ეს კითხვები ეფუძნებოდა როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, ასევე ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობის გააზრებას.

სამწუხაროდ, თანაბარ პატივისცემას და გააზრებას ვერ ვხედავთ აზერბაიჯანის განცხადებაში, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს იმასაც კი, თუ რატომ მოიხსენიებს საპატრიარქო ამ ტაძარს ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიად რაც მას სულ მცირე 1310 წლიდან ჰქვია.

ვაფასებთ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან და აზერბაიჯანელ ხალხთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას. თუმცა, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ მეგობრობა არ უნდა იყოს და ვერ იქნება ცალმხრივი. მეგობრობა და პარტნიორობა არ შეიძლება ნიშნავდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დასმულ კითხვებზე უარის თქმას და ჩვენთვის მიუღებელი ტონით საუბარს.

ნორმალურ შემთხვევაში, მსგავსი კითხვები არ შეიძლება ხდებოდეს მეზობლებს შორის ამგვარი საუბრის საფუძველი. და თუ დღეს ეს ვინმესთვის დასაშვები ან მისაღები გახდა, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს საერთაშორისო პოზიციების დასუსტების, ჩვენი სუვერენიტეტის დაქვეითების და თანასწორი მოთამაშის პოზიციიდან ქვეყნის ვასალურ პოზიციაში გადაყვანის პირდაპირი შედეგი.

შედეგად, ამ რეჟიმის მიერ შექმნილ რეალობაში სულ უფრო გახშირდა დამამცირებელი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ და სავსებით არ არის გასაკვირი, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვერ იცავს საკუთარ სუვერენულ პოზიციას ვერცერთი მიმართულებით.

რასაკვირველია, გელათის დამანგრეველი და საყდრისის ამფეთქებელი რეჟიმისგან ვერ გვექნება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ვერავითარი მოლოდინი. საზოგადოებას კარგად ახსოვს ისიც, რომ ხელისუფლებას, რომლებიც წლების განმავლობაში ბოროტად მანიპულირებდა დავით გარეჯის საკითხით, დღემდე არ უთქვამს საზოგადოებისთვის, თუ რას მიაღწია ამ მიმართულებით გარდა პროპაგანდისტული ბაქიბუქისა.

თუმცა, ოფიციალური ბაქოს მხრიდან საქართველოს საპატრიარქოს მისამართით გამოთქმული პრეტენზია, კიდევ ერთხელ გვახსენებს ხელისუფლებების მიერ ეროვნული ინტერესების მკაფიოდ დაცვის მნიშვნელობას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წლებია არ და ვერ აკეთებს.

„ლელო“ მიესალმება სტრატეგიული პარტნიორობას და მეგობრობას, თუმცა არა საკუთარი ეროვნული ღირსებისა და პოზიციების დათმობის ხარჯზე.

მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი მხარდაჭერა საპატრიარქოს მიერ დასმული მნიშვნელოვანი კითხვების მიმართ და ვიქონიო იმედი რომ აზერბაიჯანი ადეკვატურ პასუხს გაგვცემს ყველა ამ კითხვაზე“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარედ სამუშაოებს გამოეხმაურა. როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. საპატრიარქოს განმარტებით, მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი

ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია. საპატრიარქო აცხადებს, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება.

საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნულ განცხადებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. განცხადებაში აღინიშნება, რომ საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადებები ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ეწინააღმდეგება მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. საგარეო უწყების განმარტებით, აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„სწორედ ამიტომ გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ მიდგომებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიულ კავშირებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის განვითარდა. ამ მხრივ, სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაყოლა არ არის რეკომენდებული. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს”, - ნათქვამია განცხადებაში.